ნარკოდანაშაული

ანაკლიაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 3 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ანაკლიაში მუსიკალურ ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ პირებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სამივე მათგანი ირანის მოქალაქეა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ  ჩ.რ.-მ და ზ.მ.-მ. წინასწარი შეთანხმებით, შემდგომი გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს  დიდი ოდენობით 0.2294  გრამი ნარკოტიკული  საშუალება „მდმა“-ს (3.4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი)  შემცველი ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების სახით და 2018  წლის 25 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონის, სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ ,,ECHO WAVES’’-თვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, 350 ლარის  სანაცვლოდ  უკანონოდ გაასაღეს ფესტივალის ერთ-ერთ მოქალაქეზე, რაც იმავე დღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის მიერ იქნა ამოღებული.

რაც შეეხება მესამე ბრალდებულ კ.ა.-ს, მან შემდგომი გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და შეინახა  დიდი ოდენობით  0.0158  გრამი ნარკოტიკული  საშუალება „მეტამფეტამინის“ შემცველი 3 ცალი ტაბლეტი, რაც 2018  წლის 25 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, ასევე ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ,,ECHO WAVES’’-ის მიმდინარეობისას, 280 ლარის  სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ერთ-ერთ მოქალაქეზე, რაც იმავე დღეს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის მიერ იქნა ამოღებული.

2018 წლის 27 აგვისტოს  ჩ.რ-ს. და ზ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით წარედგინა (წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება), ხოლო კ.ა.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით წარედგინა (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება)" - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

შსს-ს ინფორმაციით, ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე Echowaves, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია სულ 15 პირი.

კომენტარები