შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ავტორიზაციის საბჭო IBSU-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის 1 წლით სტუდენტთა მიღების შეზღუდვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ექსპერტთა შეფასებაში შვიდი სტანდარტიდან სრულად დაკმაყოფილებული მხოლოდ ორი იყო. საბჭოს შეფასებით, ექსპერტთა დასკვნის მომზადებისთვის, სრულყოფილად არ იყო გამოკვლეული ცალკეული გარემოებები იმ მიზეზით, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან არ მოხდა საჭირო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენა საავტორიზაციო დოკუმენტების წარდგენისა და ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის დროს.

საბჭოში ამბობენ, რომ დაწესებულებამ სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენა და ავტორიზაციის სტანდარტის შესრულების დემონსტრირება უნდა შეძლოს.

"დაწესებულებისათვის ცნობილია, რომ საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შექმნილი დოკუმენტების წარდგენა უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, ამ პროცედურას სტუდენტთა მიღების შეზღუდვის შემთხვევისათვის პირდაპირ ითვალისწინებს ავტორიზაციის დებულება, რომლის დაწესებულება, მისთვის სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვისათვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე არანაკლებ 6 თვით ადრე ცენტრში წარადგენს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და საბჭოს სხდომის ოქმში დაფიქსირებული რეკომენდაციების გამოსწორების შესახებ ანგარიშს" - აღნიშნულია განცხადებაში.

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს დაწესებულებისათვის ამ ვადის მიცემას, რომლის განმავლობაშიც დაწესებულებამ უნდა შეძლოს ავტორიზაციის სტანდარტის შესრულების დემონსტრირება და სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენა.

განათლების ხარისხის ცენტრის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტთა ნაკადს ვეღარ მიიღებს. გადაწყვეტილების მიზეზად უნივერსიტეტისთვის 2013 წელს დაკისრებული საგადასახადო ჯარიმა დასახელდა, რომელიც სასწავლებელს გადასახადებისგან თავის არიდების გამო დაუწესდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საგადასახადო დავალიანება, 715 000 ლარი რამდენიმე დღის წინ დაფარა.

კომენტარები