დემპინგი

მაჭავარიანი: მიმაჩნია რომ ანტიდემპინგური კანონმდებლობა ჩვენს არსენალში უნდა იყოს

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს მთავრობაში ანტიდემპინგურ კანონზე მუშაობენ. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, "ეს იარაღი საქართველოს არსენალში უნდა იყოს". ანტიდემპინგი საგარეო ვაჭრობის შემზღუდველ ნორმებს მოიცავს, რომლებიც უცხოურ კომპანიებს ბარიერს უწესებს, რათა მათ ის პროდუქცია, რომელიც ქვეყნის შიგნითაც იწარმოება, სავარაუდო თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად არ გაყიდონ. ფინანსთა მინისტრმა ანტიდემპინგური კანონის შესახებ ტაბულასთან ისაუბრა. 

"ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ამ კანონმდებლობაზე. როგორც იცით ბოლო პერიოდში მსოფლიოში საკმაოდ დაიძაბა საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები. გახშირდა კიდეც ტერმინი "სავაჭრო ომი" თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია რომ ჩვენ ამ ომს ავცდებით, მაგრამ მათ შორის ანტიდემპინგური კანონმდებლობა იქნება ერთერთი ინსტრუმენტი რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ. თუმცა ეს არ არის აუცილებელი ინსტრუმენტი და მინდა გითხრათ რომ რაც შეეხება ანტიდემპინგურ კანონმდებლობას, ქვეყნებში სადაც ის მოქმედებს, საკმაოდ რთული და ძნელი ხდება დემპინგის ფაქტის დამტკიცება. ეს არ არის იოლი საქმე და მხოლოდ კანონმდებლობა ვერ გადაჭრის ამ საკითხს. თუმცა ეს ინსტრუმენტი, ეს იარაღი მიმაჩნია რომ ჩვენს არსენალში უნდა იყოს,"- ამბობს მაჭავარიანი. 

დემპინგის აკრძალვის დროს მოსახლეობა ზარალდება, რადგანაც ისინი უცხოური პროდუქციის შეღავათიან ფასად ყიდვის საშუალებას კარგავენ, მოგებულ მდგომარეობაში კი ადგილობრივი კომპანიები რჩებიან, რომლებიც აღნიშნულ საქონელს შედარებით ძვირად აწარმოებენ. ამ დროს მოსახლეობას მხოლოდ ადგილობრივი და შედარებით ძვირიანი პროდუქციის ყიდვის ალტერნატივა აქვს, რაც მათი მსყიდველუნარიანობის შემცირებას იწვევს. ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება ქვეყანაში ბიზნესგარემოსთვის ახალი რეგულაციის დაწესება იქნება, რომელიც კონკრეტულ კომპანიებს სახელმწიფოს მხრიდან პროტექციონისტულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ანტიდემპინგური კანონმდებლობა შესაძლოა ბუნდოვანიც იყოს, რაც შეიძლება კანონის ნორმების ფართოდ განმარტებისა და, შედეგად, კომპანიებისთვის ახალი ფინანსური ბარიერის შექმნის ტოლფასი გახდეს. 

საქართველოს მიერ დემპინგის აკრძალვა სავარაუდოდ, საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის პოზიციას გააუარესებს. მაგალითად, Heritage Foundation-ის ბიზნესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით 16-ე ადგილი უჭირავს. საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა სწორედ ვაჭრობის თავისუფლების კრიტერიუმში აქვს, რადგანაც ქვეყანაში არ არსებობს ვაჭრობის შემზღუდველი ნორმები. ბიზნესის თავისუფლების ინდექსის მეთოდლოგიის მიხედვით,  ქვეყნების შეფასების ერთერთი კრიტერიუმია ანტიდემპინგური ნორმების არსებობა. ახალი რეგულაციის მიღების შემთხვევაში, მაღალი ალბათობით საქართველო ინდექსში ჩამოქვეითდება, რაც საერთაშორისო ინვესტორთა განწყობაზე ნეგატიურად აისახება. 

ტაბულას კითხვაზე, არის თუ არა მთავრობა მზად რომ ამ ცვლილების შედეგად, ბიზნესის სიმარტივის რეიტინგებში საქართველოს პოზიცია გაუარესდეს მაჭავარიანმა უპასუხა:

"არცერთ რეგულაციას არ მივიღებთ ისეთს, რაც არ იქნება ერთის მხრივ ევროპასთან ასოცირების ხელსეკრულებით გათვალისწინებული, ხოლო მეორეს მხრივ, ეწინააღმდეგებოდეს ვაჭრობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილ თამაშის წესებს."

კომპანიები ზოგიერთ შემთხვევაში საქონელს მის თვითღირებულებასთან მიახლოებულ ფასადაც ყიდიან, რაც მრავალ მიზანს, მათ შორის, მომხმარებლების მოზიდვას, ფინანსური დანაკარგის თავიდან არიდებას და ა.შ. შეიძლება მოიცავდეს. ასევე საკმაოდ რთულია იმის დადგენა, თუ რა წარმოადგენს დემპინგურ ფასს. 

ქართულ ოცნებაში დემპინგის აკრძალვასთან დაკავშირებით წარსულში კონსენსუსი არ იყო. დემპინგის აკრძალვის აქტიური მხარდამჭერი იყო ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი. მის დროს ეკონომიკის სამინისტრომ კანონმდებლობის მონახაზი შეიმუშავა, თუმცა მისი ინიცირება არ მოუხდენია. 

კომენტარები