გურამ კაშია

გიორგი ნემსაძე ფიქრობს, რომ გურამ კაშიას ლგბტ სამკლავურის გაკეთება "აიძულეს"

gff.ge

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, გიორგი ნემსაძე დარწმუნებულია, რომ გურამ კაშიას ლგბტ ადამიანების მხარდამჭერი სამკლავურის გაკეთება აიძულეს და ის "შინაგანად ელგებეტე მომხრე" არ არის.

ტაბულამ ნემსაძეს ვიცე-კაპიტნის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე ჰკითხა აზრი. მისი თქმით, გულშემატკივარი შეგნებით უნდა მიუდგეს სამკლავურის გაკეთებას, რადგან, მისი აზრით, კაშიას ეს აიძულეს.

"მე ვიცი, ევროპაში, როცა გუნდი და ხელმძღვანელობა გთხოვს, რომ გაიკეთო... შეიძლება შინაგანად ის არ არის ისეთი ადამიანი, რომ მხარდაჭერა გამოხატოს, მაგრამ გუნდის სახელით... მე დარწმუნებული ვარ, თბილისში მაგი არ გაიკეთებდა რა და არ გამოვიდოდა თავისი ინიციატივით, ეს იყო კლუბის ინიციატივა და რაღაცა გაუგებრობა მოჰყვა საზოგადოებაში. ცივილური, ევროპული გადმოხედვებით მათში ეს ჯდება, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია, ქართველი, მართლმადიდებელი ხალხისთვის. ეს იყო ალბათ იძულებითი, რომ იმ ხალხის გაღიზიანება არ გამოეწვია, სადაც ცხოვრობს. მე ვფიქრობ, რომ იძულებით გაიკეთა ალბათ, თორემ შინაგანად ელგებეტე მომხრე დარწმუნებული ვარ, არ არის ეს ადამიანი", - ამბობს ნემსაძე. [სტილი დაცულია]

17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი აქვე აღნიშნავს, რომ ლგბტ ადამიანების ჩაგვრა და ის, რომ განსხვავებულობის გამო "თავში ტაბურეტკა ურტყა", მიუღებელია. გიორგი ნემსაძის თქმით, ამ ადამიანებს "თავისი გაჭირვება ეყოფათ".

"ჩემს ფსიქოლოგიურ შეხედულებებში არ ჯდება, რომ მამაკაცებზე ქორწინდებიან. დარწმუნებული ვარ, არც ის [გურამ კაშია] არის, მაგრამ იქ რომ ცხოვრობს და იქ რომ მიღებულია... დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში მხარდაჭერას არ გამოთქვამს. დაჩაგვრა მიუღებელია, მაგრამ ღმერთმა ქალი და კაცი იმიტომ შექმნა... რთულია ჩემთვის ახსნა, არც მინდა გავიაზრო მაგი. დაჩაგვრა და ვიღაცა რომ წამოხტება და რატომ ცხოვრობ და რატომ ხარ ესეთი, არ არის სწორი, თავისი გაჭირვება ეყოფათ იმ ადამიანებს. განსხვავებულობის გამო რომ თავში ტაბურეტკა ურტყა, ასეთი რამე მიუღებელია. ვიცი რა ხდება უცხოეთში, ვიცი რომ საზოგადოება შეგუებულია და იცის, რომ თანასწორუფლებიანია ის ადამიანი", - ამბობს ნემსაძე.

ყოფილი ფეხბურთელი ასევე აღნიშნავს, რომ თავად ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად სამკლავურს არ გაიკეთებდა, ან იმ თამაშს არ ითამაშებდა. ის დარწმუნებულია, რომ "გურამი [კაშია] არ არის ისეთი ადამიანი, რომ მაგის მომხრე იყოს" და გულშემატკივარი შეგნებით უნდა მიუდგეს.

"ეტყობა ვერ აირიდა და ჩავარდა გამოუვალ მდგომარეობაში", - ამბობს გიორგი ნემსაძე.

გიორგი ნემსაძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანია. ის ბოლო პერიოდამდე იყო 17 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელიც, ასევე, თბილისის საკრებულოს წევრი. 2007 წელს კი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა და გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ რამდენიმე წუთში თანამდებობაზე უარი თქვა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია ჰომოფობიურად​​ განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი თავდაპირველად მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, "ვიტესის" რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. თუმცა, კაშიამ მაშინვე თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა.

22 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA-მ კაშიას თანასწორობის ჯილდოც გადასცა. ჰომოფობების აგრესია კაშიას ამ ნომინაციასაც მოჰყვა.

შედეგად, ფეხბურთელმა ფეისბუქის გვერდი გააუქმა. ასევე, დახურულია მისი ინსტაგრამის პროფილი და ფოტოების ნახვა ყველას აღარ შეუძლია. გუშინ, 28 აგვისტოს კი ინსტაგრამის "სთორიში" დაწერა, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას არ ნანობს და სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება, ნაკრებში ითამაშებს. ამის შემდეგ, გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, კაშია მხარდაჭერით გაამხნევონ და ინსტაგრამის სთორიზში აქვეყნებენ მის ფოტოს წარწერით - გურამ, შენთან ვართ.

კომენტარები