IBSU: ავტორიზაციის საბჭომ არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია გაავრცელა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს, რომლის მხედვითაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს საჯარო განცხადებით საზოგადოებაში არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც დაუსაბუთებელ დასკვნებს შეიცავს.

უნივერსიტეტის განცხადების მიხედვით ეს მათ დისკრედიტაციას და საქმიანი რეპუტაციის შელახვას ემსახურება.

"საბჭოს განცხადებით, უნივერესიტეტს შვიდი სტანდარტიდან სრულად დაკმაყოფილებული ჰქონდა მხოლოდ ორი. ეს მტკიცება არ შეესაბამება რეალობას. ექსპერტთა შეფასებით სტანდარტთან სრულად შესაბამისობა ფიქსირდება 7 სტანდარტიდან 3-თან, ხოლო მეტწილად შესაბამისობაშია 4 სტანდარტთან მიმართებით; ხაზგასასმელია, რომ ნაწილობრივ შესაბამისად და შეუსაბამოდ უნივერსიტეტი არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასებულა." ნათქვამია განცხადებაში.

მათი მტკიცებით საბჭოს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი წარუდგინეს და მცდარია საბჭოს განცხადება იმის თაობაზე, რომ უნივერსიტეტს ფინანსური რისკები არ ჰქონდა გათვალისწინებული.

"ცენტრი აცხადებს, რომ უნივერსიტეტის მიერ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა არ ჯდება მოქმედ სამართლებრივ ჩარჩოში და მოთხოვნის ადრესატი უნდა იყოს სააპელაციო საბჭო. სააპელაციო საბჭოსთვის მიმართვა შესაძლებელია  მხოლოდ ცენტრის მიერ ავტორიზაციის საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილების უნივერსიტეტისათვის ჩაბარების შემდეგ, რაც ჭიანურდება, მიუხედავად საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა. საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილების  ჩაუბარებლობა გვართმევს დროული სამართლებრივი რეაგირების შესაძლებლობას.

საბჭოს განცახდებით, უნივერსიტეტმა უნდა მიმართოს ცენტრს, წარადგინოს ანგარიში რეკომენდაციების გასწორების შესახებ შეზღუდვისათვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე არანაკლებ 6 თვით ადრე. უნივერსიტეტი ცხადია აპირებს ამ შესაძლებლობით სარგებლობას. დღეის მგომარეობით დავალინება დაფარულია, შესაბამისად, სასამართლოს მიერ ყადაღის მოხსნისთანავე, მყისიერად მივმართავთ ცენტრს შესაბამისი მოთხოვნით." წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.

უნივერსიტეტი არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მთლიანად  სამოქალაქო საზოგადოებას მხარდაჭერისაკენ, ხოლო მთავრობას შესაბამისი ზომების მიღებისაკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ განათლების ხარისხის ცენტრის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტთა ნაკადს ვეღარ მიიღებს. გადაწყვეტილების მიზეზად უნივერსიტეტისთვის 2013 წელს დაკისრებული საგადასახადო ჯარიმა დასახელდა, რომელიც სასწავლებელს გადასახადებისგან თავის არიდების გამო დაუწესდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საგადასახადო დავალიანება, 715 000 ლარი რამდენიმე დღის წინ დაფარა.

კომენტარები