ირაკლი კობახიძე

კობახიძე: შამბამ აღიარა, რომ აფხაზეთი არასოდეს ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერმინისტრის, სერგეი შამბას განცხადებაზე გააკეთა კომენტარი:

"ნამდვილად საინტერესო ფრაზები მოვისმინეთ. მათ შორის, ბატონმა შამბამ აღიარა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობით უკვე ამდენი წლის განმავლობაში. კერძოდ, საუბარია ისტორიაზე და თავისი პირით აღიარა შამბამ, რომ აფხაზეთი არასოდეს ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის ის დღეს. თქვენ იცით, როგორი არის დამოუკიდებლობის ხარისხი და შესაბამისად, როგორი იყო ისტორიულად მისი დამოუკიდებლობის ხარისხი. რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ათწლეულების განმავლობაში, პრაქტიკურალდ ის აღიარა დღეს შამბამ, რაც არის ძალიან ნიშანდობლივი და საინტერესო."

მისივე თქმით მიუხედავად რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერებისა, ქართული მხარე თავის პოლიტიკაში პრინციპული იქნება:

"რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ეს მიდგომა არის ყველასათვის ცნობილი - მიდგომა არის მშვიდობიანი. ჩვენ ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ნდობის აღდგენა ქართველებსა და აფხაზებს შორის, თუმცა არის ხელოვნური ბარიერები, როგორც მოგეხსენებათ, ამ ხელოვნურ ბარიერებს ქმნის რუსეთის ფედერაცია, რაც ართულებს ამ პროცესს, თუმცა ჩვენ ვიქნებით პრინციპულები ამ პოლიტიკაში, ჩვენ დავამტკიცეთ სამშვიდობო ინიციატივა, გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები და ჩვენი სურვილია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ხალხებს შორის ურთიერთობების დაახლოებას." თქვა ირაკლი კობახიძემ.

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერმინისტრმა სერგეი შამბამ ოპოზიციური ძალების შეკრებაზე თქვა, რომ ღრმა კრიზისში არიან და თუ ვითარება არ გამოსწორდება, მოუწევთ, მუხლებზე დადგნენ და საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღება სთხოვონ.

"თუ უახლოეს დროში ამ კრიზისიდან ვერ გამოვალთ, ისეთ უფსკრულში ჩავვარდებით, რომლიდანაც ვერასოდეს ვერ გამოვალთ. მაშინ რაში გვჭირდებოდა ეს ბრძოლა?რისთვის დაიღუპა ამდენი ჩვენი ძმა და მეგობარი? მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ისეთი სახელმწიფო შევქმენით, რომელიც არასოდეს გვქონია. ისეთი თავისუფლება მივიღეთ, რომელიც არასოდეს გვქონია. და ამით სარგებლობა არ შეგვიძლია, რადგან არაკომპეტენტური ხალხია ხელისუფლებაში. ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვართ, რომ ისინი მოვიდნენ. პირველ რიგში კი მე ვარ დამნაშავე. მაგრამ ვიმედოვნებდით, რომ რამეს გააკეთებდნენ. ხელისუფლება უმოქმედოა და  რასაც მე ვხედავ, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს, ასლან ბჟანიაა. ხალხს უნდა ავუხსნათ თუ რა ხდება. უნდა ავუხსნათ, რომ ხვალ ტრაგედია გველოდება, ისეთივე, როგორიც მე-19 საუკუნეში მოხდა, როდესაც ყველაფერი დავკარგეთ. კვლავ ყველაფერს დავკარგავთ და მერე მუხლებზე დავდგებით და საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ თავიანთ შემადგენლობაში მიგვიღონ. ნუთუ ეს გვინდა? მე ეს არ მინდა, – თქვა შამბამ.

კომენტარები