გურამ კაშია

"არა ფობიას!": გურამ კაშიას მიმართ აგრესია ლგბტ თემის ჩაგვრის სისტემურობას აჩვენებს

0 კომენტარი
ფოტო: agora.ge

სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" წევრი ორგანიზაციები ქვეყანაში არსებულ ჰომოფობიურ განწყობებზე შეშფოთებას გამოთქვამენ და ლგბტ თემის წევრებს, ასევე გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებენ.

ორგანიზაციები ასევე აღნიშნავენ, რომ მხარს უჭერენ ყველა იმ პირს, რომლებიც, საზოგადოების ნაწილი ზეწოლის მიუხედავად, ლგბტ თემის წევრებს ღიად და თამამად უცხადებენ სოლიდარობას.

"გურამ კაშიას მიმართ გამოხატული აგრესია და ძალადობის მუქარა პირველ რიგში, ლგბტ ადამიანების მიმართ არსებული ჩაგვრისა და ძალადობის სისტემურობასა და სიმძიმეს აჩვენებს. ლგბტ ადამიანები კანონმდებლობის დონეზე თანასწორობის ფორმალური აღიარების მიუხედავად, პრაქტიკაში იგნორირებას, სისტემურ ჩაგვრასა და ძალადობას განიცდიან. კვლავ პრობლემად რჩება სახელმწიფო უწყებებსა და ადმინისტრაციულ პრაქტიკებში ინსტიტუციონალიზებული ჰომოფობიის საკითხი, ხოლო განათლების სისტემისთვის კი კვლავ გამოწვევას წარმოადგენს თანასწორი, თავისუფალი და სხვა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში საკუთარი ფუნქციის სათანადოდ შესრულება. ამ პირობებში სხვადასხვა პოლიტიკური და სოციალური ჯგუფების მიერ მხარდაჭერილი და პოლიტიკურად ინსტრუმენტალიზებული ჰომოფობია არსებითად აზიანებს დემოკრატიული განვითარების პროცესს. სამწუხაროდ, ხელისუფლება და პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებები ვერ ახერხებენ თანასწორობის მხარდამჭერი პოლიტიკური დისკურსის შექმნას და საზოგადოებაში გაჩენილი სოციალური კონფლიქტების სისტემურ გადაჭრას. კვლავ გამოწვევად რჩება ძალადობის, დისკრიმინაციის, მუქარის ფაქტებზე სათანადო და დროული სამართლებრივი რეაგირების საკითხი", - აღნიშნულია პლატფორმის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან "ქართული მარშის" წევრის, კონსტანტინე მარგოშიას მუქარაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას, ასევე, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის და ეროვნული ნაკრების წევრების მხრიდან კაშიასთვის სოლიდარობის გამოცხადებას.

გარდა ამისა, "არა ფობიას!" მიიჩნევს, რომ მომეტებული ჰომოფობიური განწყობების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ელიტის მხრიდან თანასწორობის მხარდამჭერი მკაფიო მესიჯები.

"მომეტებული ჰომოფობიური განწყობების ფონზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ელიტის, არსებითად კი სახელისუფლებო პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან თანასწორობის მხარდამჭერი მკაფიო საჯარო განცხადებების გავრცელება და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მუქარის შემცველ განცხადებებსა და კონფლიქტის პროვოცირებისკენ მიმართულ ყველა ქმედებაზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება", - აღნიშნავენ ორგანიზაციები.

მათივე განცხადებით, ასევე, მნიშვნელოვანია 9 სექტემბერს დაგეგმილი მატჩის მშვიდობიან ფონზე გამართვის უზრუნველყოფა.

დღეს გავრცელებულ განცხადებას ხელს აწერენ:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • საფარი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია ჰომოფობიურად​​განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი თავდაპირველად მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, "ვიტესის" რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. თუმცა, კაშიამ მაშინვე თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა.

22 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA-მ კაშიას თანასწორობის ჯილდოც გადასცა. ჰომოფობების აგრესია კაშიას ამ ნომინაციასაც მოჰყვა.

შედეგად, ფეხბურთელმა ფეისბუქის გვერდი გააუქმა. ასევე, დახურულია მისი ინსტაგრამის პროფილი და ფოტოების ნახვა ყველას აღარ შეუძლია. 28 აგვისტოს კი ინსტაგრამის "სთორიზში" დაწერა, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას არ ნანობს და სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება, ნაკრებში ითამაშებს. ამის შემდეგ, გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, კაშია მხარდაჭერით გაამხნევონ და ინსტაგრამის სთორიზში აქვეყნებენ მის ფოტოს წარწერით - გურამ, შენთან ვართ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები