გურამ კაშია

საქართველოს სახალხო დამცველი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანს მხარდაწერას უცხადებს. ნინო ლომჯარია უეფას მიერ დაწესებული #EqualGame-ის ჯილდოს გადაცემის ფაქტს ეხმიანება და გურამ კაშიას თანასწორობისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილის საერთაშორისო აღიარებას ულოცავს.

"საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც თანასწორობის ორგანოს პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დისკრიმინაციის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპები და წინასწარი განწყობებია. აღნიშნულს ადასტურებს გურამ კაშიას წინააღმდეგ მიმართული საზოგადოების ცალკეული ჯგუფების აგრესია, რომლის მიზეზი მის მიერ თანასწორობის იდეის ღიად მხარდაჭერა გახდა", - ამბობს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის თქმით, გურამ კაშიას ქმედებამ ნათლად წარმოაჩინა, თუ რა მნიშვნელოვანი წვლილი შეიძლება შეიტანოს ერთმა სიმბოლურმა ჟესტმა ჩაგრული ადამიანების მხარდაჭერის და თანასწორობის იდეის პოპულარიზაციაში.

"სწორედ ამიტომ, ეროვნული ნაკრების წევრობა დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა. საქართველოს სახალხო დამცველი მხარდაჭერას უცხადებს გურამ კაშიას და წარმატებებს უსურვებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს", - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია ჰომოფობიურად​​განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი თავდაპირველად მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, "ვიტესის" რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. თუმცა, კაშიამ მაშინვე თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა.

22 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA-მ კაშიას თანასწორობის ჯილდოც გადასცა. ჰომოფობების აგრესია კაშიას ამ ნომინაციასაც მოჰყვა.

შედეგად, ფეხბურთელმა ფეისბუქის გვერდი გააუქმა. ასევე, დახურულია მისი ინსტაგრამის პროფილი და ფოტოების ნახვა ყველას აღარ შეუძლია. 28 აგვისტოს კი ინსტაგრამის "სთორიზში" დაწერა, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას არ ნანობს და სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება, ნაკრებში ითამაშებს. ამის შემდეგ, გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, კაშია მხარდაჭერით გაამხნევონ და ინსტაგრამის სთორიზში აქვეყნებენ მის ფოტოს წარწერით - გურამ, შენთან ვართ.

კომენტარები