რკინიგზა

ხორბლის გადატანაზე დაწესებული შეზღუდვებით სომხეთი ზარალდება

flickr.com

საქართველოს მთავრობამ ხორბლის ტრანსპორტირებაზე დაწესებული შეზღუდვებით, მეზობელ სომხეთს შეუქმნა სირთულე. ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, 15 სექტემბრიდან საქართველოში ხორბლის იმპორტ-ექსპორტი და ტრანზიტი დასაშვები იქნება მხოლოდ პორტების და სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით. შედეგად, საავტომობილო გადამზიდავები ხორბლის ტრანზიტის ბიზნესს კარგავენ. 

სომხეთი ყოველწლიურად დაახლოებით 280 ათას ტონა ხორბალს ყიდულობს. ბოლო წლებში სომხურ იმპორტში გაიზარდა საავტომობილო ტრანსპორტის წილი. ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს სომხეთისთვის განკუთვნილი ხორბლით დატვირთული ტრაილერები კვეთდნენ. ახალი აკრძალვის შემდგომ, საავტომობილო გადაზიდვები შეწყდება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, სომხეთის მთავრობა ამ ცვლილებებს "გაგებით მოეკიდა."

"საკმაოდ დიდი წილი იყო ტრანზიტული ტვირთების, წინასწარვე ვესაუბრეთ ჩვენს სომეხ კოლეგებს, როგორც საბაჟოს, ასევე სოხმურ რკინიგზას. ისინი გაგებით მოეკიდნენ ამ ცვლილებებს,"- ამბობს მაჭავარიანი.

მინისტრის თქმით, აკრძალვის მიზეზი გახდა საბაჟოებზე წარმოქმნილი რიგები, რომლებიც ტურისტებს საქართველოში შემოსვლაში ხელს უშლიდა.

"პრაქტიკულად სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში იყო ძალიან დიდი რიგები, ვერ ახერხებდნენ ტურისტები შემოსვლას, ასეულობით მანქანა სწორედ ამ რიგების გამო უარს ამბობდა საქართველოში შემოსვლაზე და უკან ბრუნდებოდა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე იდგა. არსებობს გაცილებით ცივილიზებული და ეფექტური გზა, ეს არის საზღვაო ტრანსპორტი და რკინიგზა"- ამბობს მაჭავარიანი.

საქართველოს რკინიგზის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში 36%-ით , 74 მილიონ ლარამდე შემცირდა კომპანიის წმინდა მოგება. რკინიგზის მოგება 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში 116 მილიონს აჭარბებდა. შემოსავლებთან ერთად შემცირებულია რკინიგზის მიერ გადატვირთული პროდუქციის მთლიანი მოცულობაც და ის მხოლოდ 5 მილიონ ტონას შეადგენს. 2012 წელთან შედარებით რკინიგზის ტვირთბრუნვა პრაქტიკულად განახევრებულია. 

სახელმწიფო კომპანიის ტვირთბრუნვის კლების მიუხედავად, კერძო ბიზნესის ტვირთბრუნვა მზარდია. 2018 წლის პირველ ნახევარში საავტომობილო კონტეინერებით საქართველოს ტერიტორიაზე 13 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიტანეს, რაც 2017 წელთან შედარებით დაახლოებით 2%-ით მეტია. სახელმწიფო საკანონმდებლო ბარიერების აღმართვით, რკინიგზა სწორედ საავტომობილო გადამზიდავებს წაართმევს ტვირთებს. 

საქართველომ 2018 წლის პირველ ნახევარში $53 მილიონის ღირებულების 275 ათასი ტონა ხორბალი შეიძინა. საქართველოს რკინიგზის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მათ აღნიშნულ პერიოდში 260 ათასი ტონა ხორბალი გადაზიდეს.

რეგულაციური ბარიერების აღმართვის შემდეგ, გადამზიდავებთან ერთად ბაზრის ის მოთამაშეებიც დაზარალდებიან, რომლებიც შედარებით მცირე მოცულობით ახორციელებენ იმპორტ/ექსპორტს და რომელთათვისაც შესაძლოა რკინიგზის ან პორტის მომსახურეობა ძვირი ან ლოგისტიკურად არახელსაყრელი იყოს.

კომენტარები