არჩევნები 2018

პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ასათიანი არ არსებობს, გავრცელებულ ფოტოზე რუმინელი სენატორია

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე გავრცელდა ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. "გიორგი ასათიანი" წერდა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში დამამთავრებელ კლასებში გოგოებს "ქალიშვილობის მოწმობები" დაურიგდებათ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე განთავსებულ კანდიდატთა სიაში გიორგი ასათიანი არ იძებნება. 29 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს პრეზიდენტობა სულ 35 ადამიანს სურს და მათ შორის გიორგი ასათიანი არ არის.

გარდა ამისა, ფეისბუქ პროფაილზე მითითებულია, რომ ის 1982 წელს დაიბადა, ანუ, ახლა 36 წლის უნდა იყოს. გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებში კი ბევრად მეტი ასაკის მამაკაცია.

მეტიც, ფოტოზე, რომელიც აღნიშნულ ფეისბუქ პროფაილზეა განთავსებული, რუმინელი სენატორი, იონ ტომაა. გუგლის ფოტო ძიების საშუალებით დასტურდება, რომ მისი ეს ფოტო რამდენიმე გამოცემას აქვს გამოყენებული.


ფოტო: http://www.opiniatimisoarei.ro/ministrul-apararii-gabriel-oprea-la-conferinta-judeteana-unpr-timis-mai-multi-primari-din-timis-au-promis-ca-vor-candida-alaturi-de-unpr-la-alegerile-din-2012/29/10/2011
ინტერნეტში არსებული ინფორმაციით, იონ ტომა 67 წლისაა, ის 1950 წლის 1 დეკემბერს დაიბადა.


ფოტო: https://semnaluloltului.wordpress.com/category/uncategorized/page/157/
ყალბ ფეისბუქ პროფაილს სამუშაო ადგილად საქართველოს პარლამენტი აქვს მითითებული, საცხოვრებელ ადგილად კი თბილისი. გვერდი 2015 წლიდან არსებობს, თუმცა პოსტების გამოქვეყნებას 2017 წლიდან იწყებს.

"გიორგი ასათიანის" სახელით არსებულ ფეისბუქ გვერდზე "საპრეზიდენტო დაპირება" 28 აგვისტოს გამოქვეყნდა.

"ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში დამამთავრებელ კლასებში გოგონებს დაურიგდებათ ქალიშვილობის მოწმობები. ქალი უბიწოდ უნდა ჩაბარდეს მომავალ მეუღლეს!", - წერდა ფეისბუქის მომხმარებელი.

მას შემდეგ, რაც ამ განცხადებას სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა და ყვითელი მედიის ნაწილმაც გააშუქა, გვერდზე ახალი განცხადება გამოჩნდა:

"ვინაიდა, ქალიშვილობის მოწმობაზე დადებულ ჩემს პოსტს საზოგადოების მხრიდან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, მსურს მცირედი განმარტება გავაკეთო: ვინც ამ ტესტირებას ვერ გაივლის, მიიღებს მხოლოდ 9 კლასის ატესტატს, ე.წ "მოისმინას"... ამ თემაზე უკომპრომისო ვიქნები.
აქვე კიდევ ერთი სიახლე: მსურს დავაარსო რეალური საგანმანათლებლო დაწესებულება-ქალიშვილობის ინსტიტუტი, სადაც ნამდვილ დიასახლისებად აღვზრდით სტუდენტებსს.. სილაბუსსა და სასწავლო პროგრამას მოგვიანებით გაგაცნობთ". [სტილი დაცულია]

კომენტარები