ჰომოფობია

ქართული მარში: მრავალათასიანი აქცია იქნება და ბევრი ლგბტ დროშა დაიწვება

agora.ge

ე.წ ქართული მარში 9 სექტემბერს, საქართველო-ლატვიის თამაშზე აქციას და სხვადასხვა სახის გამოსვლას აანონსებს. 

ქართული მარშის წევრი კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ აქცია მრავალათასიანი იქნება და მას ქართველი ემიგრანტებიც შეუერთდებიან. 

"გურამ კაშიას პროპაგანდისტული აქცია ჩემთვის და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. ზოგისთვის მისაღებია და ეს მათი პოზიციაა. ჩვენ მათ აზრს პატივს ვცემთ. ჩვენ ჩვენი აზრის თავისუფლება გვაქვს და აქედან გამომდინარე ჩვენ ვაპირებთ რომ ეს აქცია ჩატარდეს და იქნება მრავალათასიანი. უამრავი პერფორმანსი იქნება, რასაც ამ ეტაპზე ვერ გავაჟღერებ სამწუხაროდ. გაცილებით ბევრი ლგბტ დროშა დაიწვება, პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ ყველას ეგა აქვს ვინც გვწერს",- ამბობს მორგოშია. 

გურამ კაშიას მისამართით გამოთქმული მუქარის გამო, ქართული მარშის წევრი კონსტანტინე მოგროშია პოლიციის მთავარ სამმართველოში გუშინ გამოკითხეს.

9 სექტემბერს თბილისში საფეხბურთო მატჩი გაიმართება, საქართველო ლატვიის ნაკრებს უმასპინძლებს. 

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა 24 აგვისტოს ფეისბუქის გვერდი წაშალა და ინსტაგრამის პრიფილი დახურა. მიზეზი ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების აგრესიაა. 

გუშინ კი მან ინსტაგრამის სთორიში დაწერა, რომ ის არ ნანობს ლგბტ ადამიანების მხარდაჭერას და რომ თუ თუნდაც ერთი გულშემატკივარი ეყოლება, საქართველოს ნაკრებში გამოცხადდება.

გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, კაშია მხარდაჭერით გაამხნევონ და ინსტაგრამის სთორიზში აქვეყნებენ მის ფოტოს წარწერით - გურამ, შენთან ვართ. #გურამშენთანვართ.

ჰომოფობიურად​​ განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი კაშია მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, "ვიტესის" რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. თუმცა, კაშიამ მაშინვე თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა.

LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA კაშიას თანასწორობის ჯილდოსაც გადასცემს. ჰომოფობების აგრესია კაშიას ამ ნომინაციასაც მოჰყვა. 

UEFA კაშიას 30 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დღეს დააჯილდოვებს

კომენტარები