ჯონ მაკკეინი

"შეიძლება ამ საკითხის განხილვა" - კალაძე რომელიმე ქუჩისთვის მაკკეინის სახელის დარქმევაზე

თბილისის მერია

"შეიძლება ამ საკითხის განხილვა, დაველოდოთ საკრებულოს გადაწყვეტილებას,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის რომელიმე ქუჩისთვის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭების საკითხზე განაცხადა. 

ინიციატივა საკრებულოში ევროპულ საქართველოს ეკუთვნის. ფრაქციის წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარეს და სახელდების კომისიას უკვე მიმართეს. ფრაქციის თავმჯდომარის, გოკა გაბაშვილის თქმით, საჭიროა ამ მიზნით გაიმართოს კონსულტაციები და შეირჩეს ქუჩა, რომელსაც ჯონ მაკკეინის სახელი მიენიჭება.

„ჯონ მაკკეინი საქართველოს თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო, საქართველოსთვის თანადგომის ორგანიზატორი საერთაშორისო მასშტაბით, ჩვენი პოლიტიკური და თავდაცვისუნარიანობის ერთ–ერთი დიდი მხარდამჭერი. ყველას გვახსოვს, ჯონ მაკკეინი იყო ის, რომელმაც დაამკვიდრა აშშ-ში გამოთქმა „დღეს ჩვენ ყველა ქართველები ვართ“. მიგვაჩნია, ქართველების, თბილისელების ვალიცაა, გვქონდეს ჯონ მაკკეინის სახელობის ქუჩა. გვინდა, ამას ჰქონდეს მრავალპარტიული მხარდაჭრა და ამიტომ მივმართავთ საკრებულოს თავმჯდომარეს, უმრავლესობას, ყველა ოპოზიციურ ფრაქციას, დავსხდეთ და ღირსეულად ჩავატაროთ ეს პროცედურა. თბილისის რომელიმე ქუჩას მიენიჭოს ჯონ მაკკეინის სახელი“, - თქვა გოკა გაბაშვილმა.

საქართველოს მეგობარი, სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში 26 აგვისტოს გარდაიცვალა. ​

2017 წლის ივლისში ჯონ მაკკეინს თავის ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმა - გლიობლასტომადაუდგინეს. მას მარცხენა საფეთქელთან მქონე არხიდან ამოუღეს შედედებული სისხლი და დაზიანებული ქსოვილი.

რამდენიმე დღის წინ მისმა ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაკკეინმა მკურნალობის გაგრძელებაზე უარი თქვა. 

ამერიკელი სენატორი იბრძოდა ვიეტნამის ომში, 1987 წლიდან კი აშშ-ის სენატში არიზონასშტატს წარმოადგენდა. 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი, თუმცა, დემოკრატ ბარაკ ობამასთან დამარცხდა.

მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, მაკკეინი ბოლო დრომდე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში და მუდმივად აკრიტიკებდა დონალდ ტრამპის პოლიტიკას. 

მაკკეინი საქართველოს მეგობარი იყო. ის მუდმივად ლობირებდა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო საზოგადოებაში და ამასთან რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

2017 წლის 1-2 იანვარს ის საქართველოშიც ჩამოვიდა. მაშინ მაკკეინმა თქვა, რომ "ერთ დღესაც საქართველო კვლავ გამთლიანდება და დამოუკიდებელი გახდება". 

მაკკეინი საქართველოს მხარდაჭერას 2008 წელს, რუსეთის თავდასხმის დროსაც გამოხატავდა. 

"დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ", - თქვა მან 2008 წლის 12 აგვისტოს.

კომენტარები