ტურიზმი

სააკაშვილი: ტურიზმის შემოსავლები შემცირებულია, შემოდიან თავიანთი შპროტებით და ძეხვით

unian.net

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი facebook მიმართვაში ამბობს, რომ ტურისტული სექტორის შემოსავლები შემცირებულია. "ტურისტი დღეს საქართველოში შემოდის თავისი საჭმლით, თავისი შპროტით და ძეხვით. მანქანით შემოდის რუსეთიდან, თურქეთიდან ან ირანიდან და საქართველოში პრაქტიკულად არ ტოვებს ფულს." ამბობს სააკაშვილი. სინამდვილეში, ტურისტული სექტორის მთლიანი შემოსავალი 2012 წლის შემდგომ პრაქტიკულად გაორმაგებულია და $2.7 მილიარდს აჭარბებს. გაზრდილია ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმის წილიც და 6.9%-ს აღწევს.

"ტურიზმის განვითარება მართლაც იყო ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მიღწევა. მე ის სხვანაირად წარმომედგინა და ამათ დროს გაცილებით სხვანაირად წავიდა. მე წარმომედგინა, რომ ტურისტების ზრდაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო შემოსავლების ზრდა ტურიზმისგან. შემოსულიყვნენ სულ უფრო მდიდარი ტურისტები და ხალხს უნდა ჰქონოდა სულ უფრო მეტი შემოსავალი, დასაქმებულიყვნენ და კიდევ უფრო მეტი ბიზნესი ამოქმედებულიყო. მე ამოვიღე სტატისტიკა რა ღირდა ბინები 2012 წლამდე და რა ღირს ის ახლა, 2018-ში. 2012 წელს თუ ბათუმის ცენტრში ბინა დღეში 150 დოლარი ღირდა დღეს 100 დოლარი ღირს. რაც ღირდა 100 დღეს 50 დოლარი ღირს. ქობულეთში, ერთი სწოლი თუ ღირდა 8 ლარი დღეს 5 ღირს. მეორე ადგილზე რაც ღირდა 10 ლარი დღეს ღირს 7 ლარი, ერთი სიტყვით ამ 6 წლის განმავლობაში შემოსავლები არათუ გაზრდილია, არადა მინიმუმ უნდა გასამმაგებულიყო, დღეს კი შემცირებულია. ტურისტი დღეს საქართველოში შემოდის თავისი საჭმლით, თავისი შპროტით და ძეხვით. მანქანით შემოდის რუსეთიდან, თურქეთიდან ან ირანიდან და საქართველოში პრაქტიკულად არ ტოვებს ფულს. ეს არ არის ის რაც ჩვენ გვსურდა. სასწრაფოდ არის ზომები მისაღები და სულ სხვა ტიპის ტურიზმია ჩამოსაყალიბებელი, რომელიც გაამგდიდრებს საქართველოს საზოგადოებას,"- ამბობს სააკაშვილი.

2018 წლის ივლისში საქართველოში მყოფმა უცხოელმა ვიზიტორებმა რეკორდული რაოდენობის თანხა - $431 მილიონი დახარჯეს. აქამდე არცერთი თვის განმავლობაში $400 მილიონზე მეტი შემოსავალი საქართველოს ტურიზმიდან არ მიუღია. 

2018 წლის 7 თვის განმავლობაში საქართველომ მთლიანობაში 4.6 მილიონი ვიზიტორი მიიღო, აქედან 2.4 მილიონი ტურისტი იყო. ეროვნული ბანკის კალკულაციის მიხედვით, ამ ადამიანებმა მთლიანობაში $1.79 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ეს 2017 წელთან შედარებით 21%-ით მეტია.

ქვეყნების მიხედვით ვიზიტორთა რაოდენობა ასეთია:

  1. აზერბაიჯანი - 755 ათასი, ზრდა წინა წელთან 10%;
  2. რუსეთი - 696 ათასი, ზრდა წინა წელთან 24%;
  3. თურქეთი - 657 ათასი, ზრდა წინა წელთან 20%;
  4. სომხეთი - 653 ათასი, ზრდა წინა წელთან 2%;
  5. ირანი - 179 ათასი, ზრდა წინა წელთან27%;
  6. უკრაინა - 94 ათასი, - ზრდა წინა წელთან 0.9%;
  7. ისრაელი - 79 ათასი, ზრდა წინა წელთან 34%;
  8. პოლონეთი - 33 ათასი, ზრდა წინა წელთან 34%;
  9. გერმანია - 31 ათასი, ზრდა წინა წელთან 47%;
  10. ყაზახეთი - 30 ათასი, ზრდა წინა წელთან 23%.

საქართველოში 1.9 ათასი სასტუმროა რეგისტრირებული, ამ სასტუმროებში არსებული საწოლების რაოდენობა კი 66 ათასია. რეგიონების მიხედვით, თბილისი ლიდერობს, მასში 17.9 ათასი საწოლი ადგილია, აჭარის სასტუმროებში კი 12.1 ათასი საწოლია.

2007-დან 2013 წლის ჩათვლით საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა საშუალოდ 30%-ს შეადგენდა, აქედან ყველაზე მაღალი - 56%-იანი ზრდა 2012 წელს იყო. 2013 წელს ზრდამ 21% შეადგინა, 2014 წელს კი, სავიზო რეგულაციების დაწესების გამო ტურისტული ნაკადის ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან მხოლოდ 2.3% შეადგინა. ზრდის ტემპი გაუმჯობესდა 2015 წელს და ის 7% გახდა. 2016 წელს კი ზრდა 7.6% იყო, 2017 წელს ზრდის ტემპმა 18.7%-ს მიაღწია. ჯამში 2017 წელს საქართველომ 7.5 მილიონი ვიზიტორი მიიღო.  

კომენტარები