ჯონ მაკკეინის გარდაცვალება

ჯო ბაიდენი: მე დემოკრატი ვარ, მე მიყვარს ჯონ მაკკეინი

მე ჯო ბაიდენი ვარ, მე „დემოკრატი“ ვარ და მე მიყვარს ჯონ მაკკეინი, -ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდზე. 

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, მაკკეინის სახელი ისტორიაში დარჩება და პოლიტიკური ლიდერების მომავალ თაობებს ძალას და მაგალითს მისცემს. 

„ჯონ მაკკეინის გავლენა ამერიკაზე არ დასრულებულა. ეს არ არის ჰიპერბოლა. ეს არ არის დასასრული. ჯონი დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს ამერიკელი ერის განსაკუთრებულ ლიდერებს შორის, რომლებიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე იდგნენ. ვიცი, ჯონს იმედი გამოუთქვამს, რომ ამ ისტორიაში მცირე როლს შეასრულებს. ჯონ, შენ ბევრად მეტი გააკეთე, ჩემო მეგობარო“, – თქვა ბაიდენმა.

მან მაკკეინს „ძმა“ უწოდა და ემოციური გამოსვლის დროს ცრემლები ვერ შეიკავა.

"ჯონის ისტორია ეს ამერიკის ისტორიაა, რომელიც დაფუძნებულია პატივისცემასა და ფუნდამენტურ სამართლიანობაზე. ჯონს გააზრებული ჰქონდა, რომ ამერიკა პირველ რიგში იყო სარისკო იდეა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჯონი ჩვენთან აღარ არის, მან საკმაოდ მკაფიო ინსტრუქციები დაგვიტოვა - "ყოველთვის გჯეროდეთ ამერიკის დიდების და განვითარების". განვლილ გზას რომ ვუყურებ, შემიძლია ვთქვა, რომ ჯონ მაკკეინს ძმად მივიჩნევდი. შემეძლო ჯონ მაკკეინისთვის ჩემი სიცოცხლე მენდო და ვფიქრობ, მასაც შეეძლო თავისი სიცოცხლე ჩემთვის მოენდო. როდესაც რამე პრობლემა მქონდა, ჯონი ყოველთვის პირველი იყო, ვინც რჩევით მოვიდოდა“, - თქვა ჯო ბაიდენმა.

სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდენმა ის ადამიანებიც გაიხსენა, რომლებიც სიმსივნის გამო გარდაიცვალნენ, მათ შორის მისი მეგობარი სენატორი ტედ კენედი და შვილი ბო. 

არიზონას შტატის სენატორი, საქართველოს მეგობარი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში 26 აგვისტოს გარდაიცვალა. ის 2017 წლიდან თავის ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმას - გლიობლასტომას ებრძოდა.

სენატორ ჯონ მაკკეინის ცხედარი არიზონადან ვაშინგტონში გადაასვენეს. 

მაკკეინს ვაშინგტნშიკაპიტოლიუმში დაასვენებენ, ხვალ კი ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში პანაშვიდი გაიმართება. მაკკეინს კვირას ანაპოლისის საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

კომენტარები