მიგრაცია

პოლიტიკოსთა წინასაარჩევნო ლაშქრობა მიგრაციის წინააღმეგ

შოთა ტყეშელაშვილი
0 კომენტარი

2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველო ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს. არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად აქტიურ ფაზაში შევიდა წინასაარჩევნო კამპანიაც. მეორე დღეა, რაც საარჩევნო კამპანიაში გამოიკვეთა ახალი საკითხი - ესაა მიგრაცია, მასზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობს მმართველი პარტია და ოპოზიციის ნაწილი. 

საზოგადოებაში არსებული ანტიმიგრაციული და ქსენოფობიური განწყობების პოლიტიკური მონეტიზაცია და მისი საარჩევნო ხმებად გარდაქმნა, ქართული ნოუ-ჰაუ არაა და მას პოპულისტური მიდრეკილების მქონე პოლიტიკოსები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხშიდარ მიმართავენ.

უკეთესი ცხოვრების საპოვნელად, უცხოეთში კანონიერი გზებით წასული მოქალაქეებისთვის, ძირითადი პოლიტიკური პარტიების მხრიდან სხვადასხვა იარლიყების მიკერება საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებისა და ამ საკითხის გარშემო რადიკალური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს. 

რას გეგმავს ოცნება?

30 აგვისტოს ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ ქვეყანაში სამიგრაციო "კარუსელი" ტრიალებს და რომ აუცილებელია მყისიერი ნაბიჯების გადადგმა, რათა პოლიტიკა გამკაცრდეს. კალაძემ გააკრიტიკა კანონი, რომლითაც ერთწლიანი ბინადრობის მოწმომებების გაცემა რეგულირდება.

საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღება შეუძლიათ იმ პირებს, ვინც წარადგენს საბუთს, რომ მათ საქართველოში შეძენილი აქვთ არანაკლებ $35 ათასის ღირებულების ქონება. ეს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მიხედვით არის განსაზღვრული. მთავრობის მონაცემებით, 2017 წლის მდგომარეობით, ასეთი სულ 345 ნებართვა არის გაცემული.

საინტერესოა რომ ეს კანონი თავის დროზე ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა და 2014 წელს სწორედ ოცნების უმრავლესობამ მიიღო. მისი ავტორი იუსტიციის სამინისტრო იყო.

ახლა ქართული ოცნების წევრები კანონში ხვრელს ხედავენ და შეცვლას ითხოვენ. კახა კალაძის თქმით, მას შემდეგ, რაც პირი შეიძენს $35,000-ის ქონებას და მას ერთწლიანი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად გამოიყენებს, მრავალი უცხოელი ამ ქონებას ყიდის სხვა უცხოელზე, რომელიც ამ ქონებას ასევე ბინადრობის ნებართვის მისაღებად ყიდულობს. კალაძის შეფასებით, ეს პრობლემაა და უცხოელებს შეძენილი ქონების გაყიდვის უფლება უნდა აეკრძალოთ. 

ამავდდროულად, ოცნება $100,000-მდე, ანუ დღევანდელი კურსით 257,000 ლარამდე ზრდის იმ ქონების ღირებულებას, რაც ამ ცნობის მისაღებად იქნება საჭირო. ამ ქონების შემძენებს ერთი წლით მისი გასხვისება აეკრძალებათ. 

რამდენი მიგრანტი ცხოვრობს საქართველოში?

2017 წელს მთავრობის გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2012-2016 წლებში საქართველომ სულ 70,508 ადამიანს მისცა ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის უფლება. ხოლო ქვეყანაში მცხოვრები იმიგრანტების საერთო რაოდენობა 2015 წლის მდგომარეობით 168 ათასს შეადგენს. 

2012-2016 წლებში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით, უცხოეთის მოქალაქეებზე გაცემული ბინადრობის ნებართვები ასე ნაწილდება:

  • შრომითი კატეგორიის ბინადრობის ნებართვა - 32 ათასი;
  • სასწავლო კატეგორიის ბინადრობის ნებართვა - 10 ათასი;
  • ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემული ნებართვა - 7.3 ათასი;
  • მუდმივი ცხოვრების ნებართვა - 9.3 ათასი;
  • საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება - 8.3 ათასი;
  • სპეციალური ბინადრობის ნებართვა - 1.8 ათასი;
  • მოკლევადიანი (ერთწლიანი) ბინადრობის ნებართვა - 345 პირი;
  • საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა - 363 პირი.

რაც შეეხება მიგრანტთა მოქალაქეობას, სხვადასხვა სავიზო კატეგორიაში განსხვავებული ქვეყნები ლიდერობენ. მაგალითად, ყველაზე მეტი შრომითი ბინადრობის ნებართვა თურქეთის მოქალაქეებზეა გაცემული, ხოლო სასწავლო ნებართვა ინდოეთის მოქალაქეებზე.

2012-2016 წლებში ბინადრობის უფლების მისაღებად სახელმწიფოს სულ 80 ათასმა პირმა მიმართა, მათგან 10 ათასმა ნებართვა ვერ მიიღო.

ნატურალიზაციის სტატისტიკის მიხედვით, 2012-2016 წლებში საქართველოს მოქალაქის სტატუსი მიიღო 32 ათასმა ადამიანმა. 9 ათას ადამიანს მოქალაქეობაზე უარი ეთქვა. ნატურალიზებულთა 60% რუსეთის, 10% აშშ-ს, 5% კი თურქეთის მოქალაქეა.

რას გეგმავს ენმ?

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 30 აგვისტოს საკუთარ  facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ საქართველოში "უკონტროლო მიგრაციაა" და რომ "შემოდიან ისეთი პირები, რომლებაც ერთი ქართული სიტყვაც არ იციან." სააკაშვილმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ახალი კანონპროექტის შემუშავება და მისი პარლამენტში ინიცირებაც დაავალა.

"ახლა შემოდის ხალხი, რომელმაც არც ერთი სიტყვა ქართული არ იცის, რომელიც არც ერთ წარწერას ქართულად არ აკეთებს, რომელიც არ იცნობს ადგილობრივ ტრადიციებს და არც სცემს მათ პატივს...საერთოდ უკონტროლოდ წავიდა მიგრაცია. ჩემთვის სრულიად უცხოა ყველანაირი ქსენოფობია. მე არ მივიღებ ხალხის დისკრიმინაციას ეროვნების, ეთნიკურობის თუ ენობრივი ნიშნის მიხედვით. ამავე დროს საქართველოს სჭირდება მკაცრი წესები და ისეთივე წესები, მაგალითად, როგორიც აქვს შვეიცარიას, როგორიც სულ უფრო მეტად შემოდის მაგალითად, აქ, ნიდერლანდებში და ბევრ სხვა ქვეყანაში. საქართველომ უნდა სცეს პატივი საკუთარ საზღვრებს. მე ვთხოვე ჩვენ ფრაქციას პარლამენტში, შეიტანონ კანონპროექტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ცოტა ხმები გვაქვს, მაგრამ სულ მალე ეს პარლამენტი შეიცვლება და კანონპროექტი უნდა იდოს - საქართველოს საზღვრების დაცვის შესახებ. ჩვენ გვჭირდება კანონის უზენაესობა და სწრაფი ეროვნული განვითარება,"- ამბობს სააკაშვილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები