გურამ კაშია

სანიკიძე: კაშიამ რა სამკლავური გაიკეთა არ ვიცი, როგორც სპორტსმენს, მხარს ვუჭერ

facebook.com/GeoBasketball

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშიას მიმართ აგრესიული თავდასხმების შემდეგ, ტაბულა დაინტერესდა რამდენად უჭერენ მას მხარს სხვა სპორტსმენები.

კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე ამბობს, რომ არ იცის რა სამკლავური ეკეთა კაშიას, თუმცა, როგორც სპორტსმენს, მხარს უჭერს.

"არ ვარ ჩახედული მაგ საკითხში. ისე, როგორც სპორტსმენს, კაშიას რა თქმა უნდა მხარდაჭერას ვუცხადებ. სამწუხაროდ, ვერ ვერკვევი თანასწორობასთან დაკავშირებით... არ ვიცნობ მაგ თემას და მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რა ტიპის სამკლავური გაიკეთა ეგეც არ ვიცი, აზრზე არა ვარ, მართლა არ ვიცი. როგორც სპორტსმენს, საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ვუჭერ მხარს და დანარჩენი არ ვიცი", - ამბობს ის.

ტაბულას კითხვას, ითამაშებდა თუ არა თვითონ ლგბტ ადამიანების მხარდამჭერი სამკლავურით, ვიქტორ სანიკიძე პასუხობს:

"მაგაზე მერე გიპასუხებთ".

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია ჰომოფობიურად​​განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი თავდაპირველად მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, "ვიტესის" რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. თუმცა, კაშიამ მაშინვე თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა.

22 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA-მ კაშიას თანასწორობის ჯილდოც გადასცა. ჰომოფობების აგრესია კაშიას ამ ნომინაციასაც მოჰყვა.

შედეგად, ფეხბურთელმა ფეისბუქის გვერდი გააუქმა. ასევე, დახურულია მისი ინსტაგრამის პროფილი და ფოტოების ნახვა ყველას აღარ შეუძლია. 28 აგვისტოს კი ინსტაგრამის "სთორიზში" დაწერა, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას არ ნანობს და სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება, ნაკრებში ითამაშებს. ამის შემდეგ, გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, კაშია მხარდაჭერით გაამხნევონ და ინსტაგრამის სთორიზში აქვეყნებენ მის ფოტოს წარწერით - გურამ, შენთან ვართ. 

გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებენ სპორტსმენები და პოლიტიკოსებიც.

კომენტარები