ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

შვილების თანდასწრებით ცოლის ცემაში ბრალდებულს 1 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

www.eloccidental.com.mx

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, კაცს, რომელიც ცოლს შვილების თანდასწრებით სცემდა, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზ.კ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ნ.ნ-ს, ხოლო 2018 წლის 14 ივნისს და 15 ივნისს მასზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა. აღნიშნულით დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა, ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის გარეშე", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზ.კ. 2018 წლის 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის არასრულწლოვნის თანდასწრებით ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

პროკურატურაში ამბობენ, რომ სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ზ.კ. დამნაშავედ ცნო, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად კი 1 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

კომენტარები