ოჯახში ძალადობა

დეა გოშხეთელიანის ცემაში ბრალდებულ ყოფილ ქმარს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

​დეა გოშხეთელიანის ყოფილ ქმარს, გრიგოლ ბაკურაძეს ქუთაისის საქალაქო სასმართლომ 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გოშხეთელიანის ინფორმაციით, დაშორებიდან 6 თვის შემდეგ, 2018 წლის 3 იანვარს, ყოფილი ქმარი მასთან სახლში მივიდა და წლის და 8 თვის ბავშვის თანდასწრებით ის და მამამისი სცემა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. გამოძიების პროცესში ბაკურაძეს ბრალდება წარედგინა 120-ე მუხლითაც, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გუისხმობს.

საქმის პროკურორი, ქეთევან უზნაძე ამბობს, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრულად გაიზიარა.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გრიგოლ ბაკურაძე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და 120-ე მუხლებით გათვალისწინებულ ბრალდებებში. სასჯელის სახედ და ზომად 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის მიესაჯა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 120-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძეს მიესაჯა ერთი წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა", - ამბობს უზნაძე.

დეა გოშხეთელიანის აზრით, ეს მცირე სასჯელია.

"როდესაც მეღლეს სცემ 2 არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, ასევე სცემ მეუღლის მამას - ამ დამამძიბელი გარემოების გათვალისწინებით ვფიქრობ 1 წელი და 9 თვე ძალიან მცირე სასჯელია. მე ასევე იმედი მაქვს, რომ ჩემი ყოფილი მეუღლე, მიუხედავად ამ მცირე პერიოდისა გაიაზრებს და დაფიქრდება საკუთარ დანაშაულზე. მადლობა ყველას, ვისაც სჯეროდა ჩემი სიმართლის, ეჭვიც არ ეპარებოდა ჩემში და იდგა ჩემს გვერდით თუნდაც ერთი გამამხნევებელი მესიჯითაც კი", - ამბობს დეა გოშხეთელიანი ტაბულასთან.

დეა გოშხეთელიანის საქმე

ყოფილი ცოლისა და მისი მამის ცემაში ბრალდებული გრიგოლ ბაკურაძე 3 იანვარს დააკავეს, 5 იანვარს კი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულს 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდების მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. შედეგად, 12 იანვარს, ბაკურაძეს, რომელმაც ყოფილი ცოლი და მისი მამა არასრულწლოვნების თანდასწრებით სცემა, პატიმრობა შეეფარდა და ის სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.

დეა გოშხეთელიანი ტაბულასთან ყვება, რომ გრიგილ ბაკურაძესთან ქორწინებაში წელიწადისა და 10 თვის განმავლობაში იყო. ამ პერიოდის განმავლობაში, ხდებოდა როგორც ფსიქოლოგიური და ეკონომიკური, ისე ფიზიკური ძალადობა.

"ფიზიკური ძალადობა იყო ფეხმძიმობის დროსაც. მეორე ფეხმძიმობისას მუცელი მომეშალა ძალადობის ფონზე ნერვიულობის გამო. ძალიან ბევრჯერ ვცადე პოლიციისთვის მიმემართა, მაგრამ მართმევდა ტელეფონს, მიკეტავდა კარებს და ახდენდა ფსიქოლოგიურ "დამუშავებას" - მაშინებდა, მემუქრებოდა, თვითშეფასებას მიდაბლებდა, მარწმუნებდა, რომ არარაობა ვიყავი და პოლიცია ვერაფრით დამეხმარებოდა, სამართალი ჩემ მხარეს არ იყო და მე დამიჭერდნენ, ფსიქიატრიულში გამომკეტავდნენ, გიჟის სტატუსს მომანიჭებდნენ", - ყვება დეა.

გარდა ამისა, დეა გოშხეთელიანი ამბობს, რომ გრიგოლ ბაკურაძეს სახლში რამდენიმე სახის იარაღი აქვს.

"სახლში ჰქონდა იარაღები, მათ შორის საკუთარი ხელით ნაკეთი უწვრილესი დანა, რომელიც, მისი თქმით, იწვევს შინაგან სისხლდენას და ადამიანის ძალიან მალე სიკვდილს; შევსწრებივარ ფაქტს, როცა მამამისმა (გოჩა ბაკურაძემ) ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოუგზავნა რაღაც წამალი, რომელიც ქაღალდებში იყო საგულდაგულოდ გახვეული და გააფრთხილა - ეს არსად აჩვენო, ურეცეპტოდ არ გაიცემაო. ჰქონდა მცდელობა, რომ ძალდატანებით ჩემთვის დაელევინებინა უცნობი წამლები", - წერს გოშხეთელიანი ფეისბუქზე.

დაშორებიდან 6 თვის შემდეგ, 3 იანვარს, ყოფილი ქმარი, მასთან სახლში მივიდა და წლის და 8 თვის ბავშვის თანდასწრებით ის და მამამისი სცემა. გოშხეთელიანმა პატრულში დარეკა, რის შემდეგაც ბაკურაძე დააკავეს, თუმცა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

"მას ჰქონდა მამაოს რეკომენდაცია, მეზობლების და სამსახურის დახასიათება", - ამბობს დეა გოშხეთელიანი.

ის არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილება ყოფილი მამამთილის გავლენებს უკავშირდებოდეს. გოჩა ბაკურაძე ამ დროისთვის ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორია, მანამდე კი, როგორც გოშხეთელიანი ამბობს, ქუთაისის პოლიციის უფროსი იყო.

ძალადობის მსხვერპლი ყვება, რომ ყოფილი მამამთილი ხშირად საუბრობდა ხელისუფლებაში ნაცნობების შესახებ, მათ შორის, ხაზს უსვამდა შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრებთან მეგობრობას.

გოჩა ბაკურაძემ კი სხდომათა დარბაზში შვილის დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ მისი შვილი თავს იცავდა.

"ყველაფერს ვერიდებოდით. ამიტომ, ალბათ აწი, ჩემი შვილი თანხმობით რა თქმა უნდა, არაფერს არ მოვერიდებით, იმიტომ, რომ არ დაიტოვა არც დეა გოშხეთელიანმა და არც მისმა ოჯახმა არავითარი უკან დასახევი გზა. ამიტომ, რეალობა ყველაფერი ითქმება - რატომ, რის საფუძველზე მოხდა ეს და ეს არი იყო ძალადობრივი ქმედება, პირიქით, ეს იყო ჩემი შვილის მხრიდან თავის დაცვის მექანიზმი, რომლის საბუთები რა თქმა უნდა სასამართლოზე, არსებითი განხილვის დროს, ყველაფერი იქნება", - აცხადებს ბაკურაძე მედიასთან.

აღსანიშნავია ისიც, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ბრალდებულის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებულია "ყველა იარაღი, რომელიც ბრალდებულს გააჩნდა".

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას - ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ასევე, ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

პროკურატურის ინფორმაციით, ბაკურაძეს გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასაც ედავება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 6 თებერვალს ქუთაისის პოლიციამ დეა გოშხეთელიანის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოსცა. საქართველსო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიზეზად Facebook-ში გამოქვეყნებულ პოსტები სახელდება, რომელიც ქმრის მიერ ძალადობის მსხვერპლი ქალის ყოფილმა მამამთილმა ფსიქოლოგიურ ძალადობად შეაფასა. საია-ს ინფორმაციით, ძალადობის მტკიცებულებად პოლიციამ ის სტატუსი გამოიყენა, სადაც დეა წერდა, რომ წლების მანძილზე ყოფილი ქმრის ოჯახის მხრიდან ძალადობას განიცდიდა. სტატუსი ქუთაისის პოლიციამ ყოფილი მამამთილის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმად მიიჩნია. საია-მ ორდერთი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ იგი ძალაში დატოვა.

კომენტარები