კრიმინალი

შსს: ახალციხეში ბინის და მანქანების ქურდობის ფაქტები გახსნილია, დაკავებულია 1 პირი

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხეში ქურდობის ბრალდებით წარსულში არაერთგზის განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის ნასამართლევი, 1973 წელს დაბადებული პ.ჭ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 20 აგვისტოს ახალციხეში, ივანე ახალციხელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინაში უკანონოდ შევიდა, ფული, მობილური ტელეფონი, ძვირადღირებული პარფიუმერია მოიპარა და მიიმალა. პ.ჭ.-მ 25 აგვისტოს ასევე, ახალციხეში, იაძის ქუჩაზე ადგილობრივი მკვიდრის კუთვნილი ავტომობილიდან ფული მოიპარა. 28 აგვისტოს კი, ქუჩაში გაჩერებული ერთ-ერთი ავტომობილიდან სანადირო თოფს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. ნაქურდალი სანადირო თოფი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული", - ამბობენ უწყებაში.

შსს-ს ინფორმაციითვე, პ.ჭ.-მ დაკავებისას, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და სანადირო თოფიდან ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით, ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მუხლი 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები