დროებითი საგამოძიებო კომისია

ხორავაზე მკვლელობის შემსწავლელი კომისიის დასკვნა - უსაფრთხოება სკოლაში, სახელმწიფოს როლი

დროებითი საგამოძიებო კომისია

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის შემსწავლელმა კომისიამ დღეს სკოლებში უსაფრთხოების შესახებ დასკვნა წარმოადგინა.

დოკუმენტში საუბარია მოსწავლეებს შორის დაპირისპირების გახშირებაზე, ასევე გაკვეთილების ჩაშლაზე, სკოლის რეაგირებაზე და განათლებისა და შს სამინისტროების როლზე.

განათლების სამინისტრო

დასკვნის მიხედვით, განათლების სამინისტროსა და მანდატურის სამსახურში 1 დეკემბერს მომხდარ ინციდენტში სკოლების თანამშრომლების ქმედებების კანონიერების შესწავლა 2018 წლის ივლისამდე არ მიმდინარეობდა.

დოკუმენტში წერია, რომ სამინისტრომ ამის მიზეზად საქმესთან დაკავშირებული პირების მიერ გაუთქმელობის ხელწერილების არსებობა დაასახელა და ჩათვალა, რომ "გამოძიების საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩარევა და პარალელურად აქტიური ქმედებების განხორციელება არ იქნებოდა მიზანშეწონილი და შესაძლოა ხელი შეეშალა გამოძიების მიმდინარეობისა და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის".

თუმცა, კომისიას მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების წარმოება არ აბრკოლებს პარალელურ რეჟიმში სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურების ქმედებების შესწავლას, რაც ხელს შეუწყობდა მომხდარის მსგავსი ინციდენტების შემდგომ პრევენციას.

გარდა ამისა, დასკვნით ცნობილი ხდება, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს არც ერთ სამსახურს არ ამოუღია სკოლების შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერებით 1-ელ დეკემბერს გადაღებული მასალა, რაც მნიშნველოვანი იქნებოდა ინციდენტისა და პასუხისმგებელი პირების რეაგირების შესასწავლად.

ასევე, დოკუმენტში წერია, რომ მანდატურის სამსახურმა პირველი ახსნა-განმარტებითი ბარათები ტრაგედიიდან 4 თვის დაგვიანებით მოიპოვა. კომისია ფიქრობს, რომ შედეგად, სავარაუდოდ დაიკარგა ფაქტის უშუალო შემსწრეთაგან დეტალების გახსენების შესაძლებლობა.

გარდა ამისა, აღნიშნული ინფორმაცია განათლების სამინისტროს რეაგირებისთვის კიდევ 4 თვის დაგვიანებით გადაეცა, ანუ საბოლოო ჯამში ტრაგედიიდან მე-8 თვეს. კომისია აღნიშნავს, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომისიამ სამინისტროსგან მოკვლევის წარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოითხოვა.

"მოცემული ფაქტები მიუთითებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხრიდან საკუთარი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებასა და სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურების მხრიდან ჩადენილი დარღვევების მიჩქმალვას", - აღნიშნულია დასკვნაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

კომისია საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტროს როლზეც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დარღვევათა გარკვეული კატეგორია ცნობის სახით სავალდებულოდ მიეწოდება თბილისის პოლიციის არასრულწლოვანთა განყოფილებას.

"აღსანიშნავია, რომ იმ კატეგორიის დარღვევები, როგორებიცაა სკოლაში მაღალი რისკის საგნების (დანა, ბასრი ან მჩხვლეტავი საგანი და სხვა) აღმოჩენა და მოსწავლის მიერ მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები შედის არასრულწლოვანთა განყოფილებისათვის სავალდებულოდ მისაწოდებელი ინფორმაციის ნუსხაში", - წერია დოკუმენტში.

დასკვნის მიხედვით, სამინისტროს სხვადასხვა ტერიტორიულმა დანაყოფმა 2017 წლის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისგან 252 შეტყობინება მიიღო, ხოლო 2018 წლის 7 თვის განმავლობაში - 295 შეტყობინება.

"რაც შეეხება შეტყობინებებზე რეაგირებებს, ამავე წერილით რეაგირებად განხილულია, რომ ნაწილზე დაიწყო გამოძიება, ხოლო ნაწილზე - ადმინისტრაციული საქმისწარმოება, ზოგიერთ შემთხვევაში კი დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო, სამინისტროს შეფასებით შეტყობინებაზე რეაგირება სცილდებოდა მათი კომპეტენციის ფარგლებს", - წერია დასკვნაში.

კომისიაში ასევე აღნიშნავენ, რომ მიუხედავად მოთხოვნისა, 2017 და 2018 წლებში მიღებულ შეტყობინებებზე რეაგირების შესახებ სამინისტროსგან 2 კვირის განმავლობაში ვერ მიიღეს პასუხი.

თუმცა, კომისია თბილისის ოცდაათამდე საჯარო სკოლის მოქმედ დირექტორთან გასაუბრებით ადგენს, რომ პრევენციული ღონისძიებების გრძელვადიანი გეგმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სკოლებს შორის არ მოქმედებს.

"დასტურდება, რომ არ არსებობს სკოლებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, შსს-ს მიერ უგულებელყოფილია და არ სრულდება მთავრობის დადგენილება "ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე", - აღნიშნულია დოკუმენტში.

გაზრდილი აგრესიული ფონი

დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, საგრძნობლად გაზრდილია მოსწავლეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები.

კომისია აღნიშნავს, რომ მუშაობის შედეგად შეისწავლა 51-ე და 1-ელ ექსპერიმენტულ სკოლებში უსაფრთხოების მდგომარეობა, მოსწავლეებს შორის ინციდენტის წარმოშობის მიზეზები, მათზე რეაგირება და დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

გაზრდილი აგრესიული ფონი - სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მოსწავლის მხრიდან მოსწავლის ჩაგვრა/ბულინგი, იარაღის ტარება, სკოლიდან გაპარვა, გაკვეთილების ჩაშლა.

საგამოძიებო კომისიის ინფორმაციით, მუშაობის ფარგლებში და გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ 2017 წლის 1-ლი დეკემბრის ხორავას ქუჩის ტრაგედიას წინ უძღოდა:

  • სკოლაში სასწავლო პროცესის დროს მომხდარი ჩაგვრის/ბულინგის საფუძველზე განვითარებული კონფლიქტი მე-11 და მე-9 კლასელებს შორის. კერძოდ, შესვენების დროს სკოლის საპირფარეშოში მე-11 კლასელების დ.ღ.-ს და დ.ნ-ს მხრიდან თ.ჩ.-ს და ა.ს.-ს მიმართ ადგილი ჰქონდა ჩაგვრას/ბულინგს, რის გამოც მოხდა შელაპარაკება;
  • კონფლიქტური სიტუაცია გაგრძელდა დერეფანში, ერთი მხრივ, დ.ღ.-ს და ა.ს.-ს და მეორე მხრივ - დ.ნ.-ს და თ.ჩ.-ს შორის. შელაპარაკებაში ასევე მონაწილეობდა დავით სარალიძე. ინციდენტი ამით არ ამოწურულა. მოსწავლეები (დ.ნ. და თ.ჩ.) შეთანხმდნენ, რომ გაკვეთილების შემდეგ შეხვდებოდნენ და გააგრძელებდნენ საქმის გარჩევას;
  • ა.ს. დაუკავშირდა თავის მე-12 კლასელ დეიდაშვილს - მ.კ.-ს და სთხოვა დახმარება;
  • სასწავლო პროცესის დამთავრებამდე, 13:40 საათისთვის სკოლასთან შეიკრიბნენ ა.ს-ს დეიდაშვილი მ.კ. თავის მეგობრებთან ერთად (გ.ჯ., გ.ბ., გ.მ., ა.დ., და გ.ი.), თ.ჩ., ა.ს. და მათი მე-9 კლასელი მეგობრები ს.ფ. და თ.ბ., ასევე, დ.ღ.-ს და დ.ნ.-ს მე-11 კლასელი მეგობრები. სკოლის წინ შეიკრიბა სულ დაახლოებით 30-35 სკოლის მოსწავლე, რომლებიც წავიდნენ საქმის გასარჩევად ბაქრაძის ქუჩისკენ.

51-ე სკოლასთან შეკრებილი მოზარდები მიემართებიან საქმის გასარჩევად ბაქრაძის ქუჩისკენ
ფოტო: დროებითი საგამოძიებო კომისია
გარდა ამისა, საგამოძიებო კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მანდატურის სამსახურიდან მოწოდებული მასალებიდან კონკრეტული ფაქტორები ირკვევა, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის წინაპირობა გახდა და რომელიც სისტემური და მზარდი პრობლემაა.

კომისიაში აღნიშნავენ, რომ გააანალიზეს სტატისტიკა, რაც სკოლებში უსაფრთხოების კუთხით სერიოზულ პრობლემებს ადასტურებს. ამ სტატისტიკის ანალიზის შედეგად, დგინდება, რომ:

საგრძნობლად მომატებულია ქვეყნის მასშტაბით მოსწავლის მიერ მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები:

  • 2015-2016 სასწავლო წელი - 2582 შემთხვევა;
  • 2016-22017 სასწავლო წელი - 2538 შემთხვევა;
  • 2017-2018 სასწავლო წელი - 3673.შემთხვევა.

გარდა ამისა, მოსწავლის მიერ მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის სტატისტიკა ასევე გაზრდილია კონფლიქტში მონაწილე პირების სკოლებში. კერძოდ:

  • 51-ე საჯარო სკოლა - 2015-2016 სასწავლო წელი - 77 შემთხვევა; 2016-2017 სასწავლო წელი - 92 შემთხვევა; 2017-2018 სასწავლო წელი - 139 შემტხვევა;
  • 1-ლი ექსპერიმენტული - 2015-2016 სასწავლო წელი - 13 შემთხვევა; 2016-2017 სასწავლო წელი - 31 შემთხვევა; 2017-2018 სასწავლო წელი - 62 შემთხვევა;

კომისია ხაზს უსმავს, რომ განათლების სისტემა ჩაგვრის/ბულინგის სტატისტიკას საერთოდ არ აწარმოებს.

აკრძალული ნივთების მოხმარება და გაკვეთილის ჩაშლა

დოკუმენტის მიხედვით, ბოლო წლებში ასევე საგრძნობლად არის მომატებული სკოლებში აკრძალული ნივთების მოხმარება. კერძოდ:

  • 2015-2016 სასწავლო წლები - 1806 შემთხვევა;
  • 2016-2017 სასწავლო წლები - 1866 შემთხვევა;
  • 2017-2018 სასწავლო წლები - 2452 შემთხვევა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში აკრძალულ ნივთებს მიეკუთვნება: ყველანაირი სახის იარაღი და ბასრი ნივთები, ალკოჰოლი, ნარკოტიკი, ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივითირებები, თამბაქოს ნაწარმი, სანთებელა და ასანთი, აზარტული თამაშების საშუალებები და ა.შ.გარდა

ამისა, კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საგანგაშოდ ზრდადია ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეთა სკოლიდან გაპარვისა და გაკვეთილების ჩაშლის სტატისტიკა როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ხორავას ქუჩის ტრაგედიაში მონაწილე სკოლებში. კერძოდ:

სკოლიდან გაპარვა ქვეყნის მასშტაბით:

  • 2015-2016 სასწავლო წლები - 8403 შემთხვევა;
  • 2016-2017 სასწავლო წლები -8951 შემთხვევა;
  • 2017-2018 სასწავლო წლები -10838 შემთხვევა.

სკოლიდან გაპარვა ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაში მონაწილე პირების სკოლებში:

  • 51-ე საჯარო სკოლა - 2015-2016 სასწავლო წლები - 82 შემთხვევა; 2016-2017 სასწავლო წლები - 81 შემთხვევა; 2017-2018 სასწავლო წლები - 116 შემთხვევა.
  • 1-ლი ექსპერიმენტული - 2015-2016 სასწავლო წლები - 124 შემთხვევა; 2016-2017 სასწავლო წლები- 186 შემთხვევა; 2017-2018 სასწავლო წლები - 289 შემთხვევა.

გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა ქვეყნის მასშტაბით:

  • 2015-2016 სასწავლო წლები. - 4495 შემთხვევა;
  • 2016-2017 სასწავლო წლები - 4853 შემთხვევა;
  • 2017-2018 სასწავლო წლები - 6553 შემთხვევა.

გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა ხორავას ქუჩის კონფლიქტში მონაწილე სკოლებში:

  • 51-ე საჯარო სკოლა - 2015-2016 სასწავლო წლები - 87 შემთხვევა; 2016-2017 სასწავლო წლები -107 შემთხვევა; 2017-2018 სასწავლო წლები - 143 შემთხვევა;
  • 1-ლი ექსპერიმენტული - 2015-2016 სასწავლო წლები - 42 შემთხვევა; 2016-2017 სასწავლო წლები -129 შემთხვევა; 2017-2018 სასწავლო წლები - 185 შემთხვევა.

კომისია აღნიშნავს, რომ გაკვეთილის ჩაშლის თითოეული შემთხვევა გულისხმობს არა მხოლოდ შეწყვეტილ სასწავლო პროცესს, არამედ პედაგოგს, კლასსა და მოსწავლეებს შორის წარმოქმნილ კონფლიქტს, რაც სასკოლო საზოგადოებაში უსაფრთხო კლიმატს აუარესებს.

რა იცოდნენ მასწავლებლებმა და მანდატურებმა

დღეს გამოქვეყნებულ დასკვნაში საუბარია 51-ე და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების ადმინისტრაციისა და მანდატურების როლზეც.

"ხორავას ქუჩის ტრაგედია განვითარებას იწყებს სკოლიდან, კერძოდ, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს. 51-ე სკოლის საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტი სკოლის ადმინისტრაციის და მანდატურების ყურადღების მიღმა დარჩა. მანდატურებს ასევე გამოეპარათ დავით სარალიძეს, დ.ღ.-სა და ა.ს.-ს დაძაბული საუბარი სკოლის დერეფანში, მაგრამ ერთ-ერთმა მანდატურმა - ანა გუშარაშვილმა დააფიქსირა დ.ნ.-სა და თ.ჩ-ს შორის კონფლიქტი.

მანდატურმა აღნიშნული ფაქტი შეატყობინა სკოლის დირექტორის მოადგილეს, თინათინ ყენიას, რომელმაც დაიბარა როგორც თ.ჩ., ისე დ.ნ. და გაესაუბრა მათ კონფლიქტის თაობაზე", - წერია დასკვნაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ამის შემდეგ, 13:50-ზე თინათინ ყენიამ სკოლის აივნიდან შეამჩნია ბაქრაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავ მოსწავლეთა დიდი რაოდენობა, მათ შორის, ინციდენტში მონაწილე თ.ჩ. და დ.ნ., ასევე დავით სარალიძე, დ.ღ., თ.ჩ., ს.ფ. და 5-6 უცხო, "სავარაუდოდ, სხვა სკოლის მოსწავლე" მოზარდი და მანდატურ ანა გუშარაშვილს სთხოვა რეაგირება. კომისიის დასკვნის მიხედვით, გუშარაშვილმა დაურეკა მანდატურ თეიმურაზ ზადიშვილს, რომელმაც ასევე მანდატურ გიორგი მელიქიძესთან ერთად, ვერ აღმოაჩინა კონფლიქტური სიტუაცია.

"ამის შემდეგ მელიქიძემ და ზადიშვილმა დაურეკეს ანა გუშარაშვილს და აცნობეს მას, რომ ვერავინ ნახეს", - წერია დოკუმენტში.

მოზარდები მიემართებიან "საქმის გასარჩევად" ბაქრაძის ქუჩისკენ (ხედი სკოლის აივნიდან)
ფოტო: დროებითი საგამოძიებო კომისია
გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სკოლის პერიმეტრს არც ერთი მანდატური არ აკონტროლებდა არც უშუალოდ და არც სათვალთვალო კამერების საშუალებით, რის გამოც უყურადღებოდ დარჩათ სკოლის წინ ათეულობით მოსწავლის შეკრება და მათი ჯგუფური გადაადგილება.

მოზარდების შეკრება 51-ე სკოლასთან; შეკრების ადგილის წინ არის მანდატურის ოთახი
ფოტო: დროებითი საგამოძიებო კომისია
კომისია მიიჩნევს, რომ რადგან თინათინ ყენიამ იცოდა მოსწავლეებს შორის არსებული კონფლიქტის, ასევე ზოგადად ამ მოსწავლეების პრობლემური ქცევის და უცხო სკოლელების სკოლასთან მოსვლის შესახებ, მას ადეკვატურად უნდა შეეფასებინა ვითარება და მეტი ყურადღება გამოეჩინა კონფლიქტის შემდგომი განვითარების თავიდან ასაცილებლად.

გარდა ამისა, კომისიის აზრით, მანდატურებს ასევე ევალებოდათ მეტი ძალისხმევა, როგორც სკოლის პერიმეტრის კონტროლისთვის, ისე დირექტორის მოადგილისგან მიღებული ინფორმაციის გადასამოწმებლად და მოსწავლეთა დიდი ჯგუფის დასაფიქსირებლად.

დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ არც დირექტორის მოადგილემ და არც მანდატურებმა არ შეატყობინეს პოლიციას არსებული აშკარა კონფლიქტური მდგომარეობის თაობაზე.

"მნიშვნელოვანია, რომ სკოლის ადმინისტრაციას არ გამოუკვლევია 1-ლი დეკემბრის მოვლენები, არ უმსჯელია შესაძლო გადაცდომებზე და ასეთი შემთხვევების პრევენციის ღონისძიებებზე", - აღნიშნავს კომისია.

მეტიც, დოკუმენტის მიხედვით, ხორავას ტრაგედიიდან ერთი კვირის შემდეგ 51-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე სკოლის დირექტორმა უგულებელყო უსაფრთხოების თვალსაზრისით სკოლაში არსებული პრობლემები და განაცხადა: "სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა იციან თავიანთი მოვალეობები და კარგად ართმევენ თავს. მოსწავლეებმა იციან სკოლაში ქცევის წესები. მათ იციან, რა შედეგები მოჰყვება გაკვეთილის თვითნებურად გაცდენას ან სხვა დისციპლინურ გადაცდომას. მაღალია მოსწავლეთა უსაფრთხოების ხარისხი. კერძოდ, დილის 9 საათზე, მოსწავლეთა და თანამშრომელთა შემოსვლის შემდგომ, იკეტება სკოლის ცენტრალური კარი, რომელიც კონტროლდება პასუხისმგებელი პირის მიერ".

კომისია აღნიშნავს, რომ მოკვლევა არ ყოფილა არც 1-ელ ექსპერიმენტულსა და 61-ე სკოლებში.

გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის ინფორმაციით, 51-ე და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლისთვის ამ ინციდენტში მონაწილე მოსწავლეებში გაზრდილი აგრესიული ფონის შესახებ ცნობილი იყო.

ამის შესახებ აღნიშნულია კომისიის დღეს გამოქვეყნებულ დასკვნაში.

დოკუმენტის მიხედვით, მ.კ.-ს, ა.ს.-ს, დ.ღ.-ს და დ.ნ.-ს მიმართ დისციპლინური გადაცდომებისთვის სხვადასხვა დროს გამოყენებული იყო შესაბამისი სახდელები, თუმცა სკოლის მიერ არ გატარებულა დამატებითი პრევენციული ღონისძიებები არასასურველი ქცევის კორექციისა და მოზარდის პოზიტიური განვითარების მიზნით. გარდა ამისა, კომისია აღნიშნავს, რომ კონფლიქტში მონაწილე ორი მოსწავლე - თ.ჩ. და ს.ფ. ადრეც ფიგურირებდა სკოლაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში.

"ინციდენტებზე არასათანადო რეაგირება მოსწავლეებში ქმნიდა დაუსჯელობის განცდას, რაც შეიძლება გამხდარიყო მათში არსებული აგრესიის კონკრეტული ქმედებით გამოვლენის მიზეზი", - აღნიშნავს საპარლამენტო კომისია.

გარდა ამისა, დოკუმენტში მითითებულია, რომ 51-ე სკოლის საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის მონაწილე 4 მოსწავლეს 2017 წელს ჩადენილი ჰქონდა არაერთი დისციპლინური გადაცდომა. კერძოდ:

  • ა.ს. - გაკვეთილის ჩაშლა; მოსწავლეების არაერთგზის ფიზიკური შეურაცხყოფა;
  • დ.ნ. - საგაკვეთილო პროცესის არაერთგზის თვითნებური მიტოვება; არაერთგზის არაეთიკური ქმედება; გაკვეთილის ჩაშლა; არაერთგზის გაკვეთილზე დაგვიანება;
  • დ.ღ. - გაკვეთილის არაერთგზის თვითნებური მიტოვება; სისტემატურად გაკვეთილზე დაგვიანება; მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა;
  • თ.ჩ. - გაკვეთილზე სისტემატურად დაგვიანება; მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა; არაეთიკური ქმედება.

დოკუმენტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სკოლებისგან მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ საჯარო სკოლებში გახშირებულია ისეთი გადაცდომები, როგორიცაა: გაკვეთილის ჩაშლა, სკოლიდან გაპარვა, გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება, გაკვეთილზე დაგვიანება, ფულის გამოძალვა, არაეთიკური ქცევა, მასწავლებლის შეურაცხყოფა, ჩაგვრა/ბულინგი, ფიზიკური დაპირისპირება, აკრძალული საგნების ტარება.

კომისია მიიჩნევს, რომ ამ გადაცდომებზე გამოყენებული სახდელები - სიტყვიერი გაფრთხილება, შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, ან სკოლიდან 3-9 დღით დათხოვნა ფორმალური დატვირთვის მატარებელია და არ შეიძლება ჩაითვალოს ჩადენილ გადაცდომათა პრევენციულ ქმედებად.

"შესწავლილი ინფორმაციით ნათელია, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს 51-ე სკოლაში დაფიქსირებული ყველა ის პრობლემური ქცევა, რომელიც ხორავას ქუჩის ტრაგედიას უძღოდა წინ, არ არის გამონაკლისი და დღევანდელი სასკოლო სისტემის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს", - აღნიშნულია კომისიის დასკვნაში.

კომენტარები