იემენი

საუდის არაბეთის კოალიციამ იემენში სასკოლო ავტობუსზე თავდასხმის გაუმართლებლობა აღიარა

Reuters

საუდის არაბეთის კოალიციამ 9 აგვისტოს იემენში საჰაერო თავდასხმის შედეგად სასკოლო ავტობუსის აფეთქება აღიარა, რასაც 40 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კოალიციის განცხადების მიხედვით თავდასხმა გაუმართლებელი იყო და პირობას დებენ, რომ შეცდომისათვის პასუხისმგებელ პირებს დასჯიან. კოალიცია მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. ამასთანავე, კოალიცია იემენის მთავრობასთან ითანამშრომლებს დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის კომპენსაციის გადაცემის თაობაზე.

თავდასხმის შემდეგ კოალიციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სამიზნეს ჰუსიტი ამბოხებულების წარმოადგენდნენ და ისინი ბავშვებს ცოცხალ ფარად იყენებდნენ.

ახალი განცხადების მიხედვით, საჰაერო თავდასხმა ეყრდნობოდა ინფორმაციას, რომ ავტობუსში ჰუსიტი ამბოხებულების ლიდერები იმყოფებოდნენ, რაც მცდარი აღმოჩნდა. ამასთანავე მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენდ, თუ რამ გამოიწვია საჰაერო დარტმების დაყოვნება. დაყოვნების გამო დაბომბვა ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობაც შეეწირა.

საერთაშორისო საზოგადოება საუდის არაბეთის კოალიციას იემენში განხორციელებული ოპერაციებისას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაში ადანაშაულებს და მოუწოდებს შესაბამისი ზომები მიიღონ მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.

გასულ კვირას გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტთა ჯგუფმა აღნიშნა, რომ კოალიციის საჰაერო დარტყმების ნაწილი შესაძლოა ომის დანაშაულებს უტოლდებოდეს.

შეგახსენებთ, რომ იემენში არეულობა 2011 წელს არაბული გაზაფხულის მოვლენების დროს მთავრობის გადადგომის შემდეგ დაიწყო. საუდის არაბეთის კოალიცია კონფლიქტში 2015 წელს ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ ჩაერთო, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ ირანი საუდის არაბეთის წინააღმდეგ იყენებს. გასულ თვეებში რიადის მახლობლად იემენიდან გასროლილი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს, რომლებიც სავარაუდოდ ირანული წარმოშობისაა. 2015 წლის შემდეგ იემენში კონფლიქტმა 10,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

კომენტარები