რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ერდოღანი: საერთაშორისო ვაჭრობაში დოლარის დომინაცია უნდა დასრულდეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
dailysabah

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ ეკონომიკური ფორუმზე თქვა, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში დოლარის დომინაცია უნდა დასრულდეს და ამისათვის ქვეყნებმა ვაჭრობისას ადგილობრივი ვალუტა უნდა გამოიყენონ.

"ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმა ამის ნათელი მაგალითია. ისინი ცდილობენ თურქეთის ძლიერ და მყარ ეკონომიკას ჩრდილი მიაყენონ სავალუტო მანიპულაციებით." თქვა ერდოღანმა.

მისივე თქმით თურქეთი დამოუკიდებელ ეკონომიკას ჩამოაყალიბებს და ისეთ პარტნიორებთან, როგორიც ჩინეთი და რუსეთია, სავაჭრო ოპერაციებში დოლარის ნაცვლად ადგილობრივი ვალუტის გამოყენებაზე შეთანხმებას მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ თურქული ლირის გაუფასურება და სავალუტო კრიზისის ესკალაცია ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის დაძაბვამ გამოიწვია.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პასტორ ენდრიუ ბრანსონის დაკავებასთან კავშირის გამო თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სტივენ მნუჩინის თქმით, თუ თურქეთი დაკავებულ ამერიკელ პასტორს არ გაათავისუფლებს, აშშ-ს დამატებითი სანქციები მზად აქვს.

ბრანსონს თურქეთი ტერორიზმის და გიულენის მოძრაობასან კავშირის ბრალდებით ასამართლებს. 21 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა. ბრანსონი თურქეთში 20 წელის მანძილზე მოღვაწეობდა. ის ბრალდებებს უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 35 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები