ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

შსს: ამოქმედდა ქალთა და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების მექანიზმი

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 2018 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი. ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

მათი თქმით, შსს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა.

"რისკის შეფასების ინსტრუმენტი მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვისა და განმეორებითი ძალადობის პრევენციის მნიშვნელოვანი გარანტიაა" - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის დეტალური წესები, რომლებიც აქამდე არ არსებობდა, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, არასამთავრობო და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, მათ შორის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საექსპერტო და ფინანსური მხარდაჭერით შეიმუშავა.

"სამართალდამცველები ახალი ინსტრუმენტის, კერძოდ, სტრუქტურირებული კითხვარების საშუალებით ძალადობის ფაქტისა და მასში მონაწილე პირების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვებასა და მოძალადისგან მოსალოდნელი რისკების უკეთ იდენტიფიცირებას მოახდენენ. ეს კი, თავის მხრივ, პოლიციელს სწორი გადაწყვეტილების მიღებისა და განმეორებითი ძალადობის აღკვეთის მიზნით, ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს" - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა დისტანციური სწავლების კურსი, რისკების შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებისა და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის საკითხებზე. კურსი ოჯახში ძალადობის მიმართულებით მომუშავე ყველა სამართალდამცველმა გაიარა.

კომენტარები