ფაშისტური მოძრაობის ლიდერს გიორგი ჭელიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფაშისტური მოძრაობის საქართველოს ეროვნული ერთობის ლიდერს გიორგი ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ ამით ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა. სხდომაზე პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა თქვა, რომ არსებობდა ჭელიძის მხრიდან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და ამის მცდელობა მას ერთხელ უკვე ჰქონდა, როცა ჩხრეკისას ვაზნები უნიტაზში ჩაყარა. 

27 აგვისტოს ფაშისტური დაჯგუფების ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა ვიდეო სახელწოდებით "ფაშისტური კვირადღე", სადაც იარაღიდან ისვრიან. ვიდეოს აღწერაში მითითებულია, რომ "ქართველი მამრი კვირაში მინიმუმ ერთ დღეს უნდა უთმობდეს სპორტულ და საბრძოლო მომზადებას". დაჯგუფება წერს, რომ "შავპერანგიანები" ყოველ კვირას რეგულარულად ვარჯიშობენ ბუნების წიაღში.

სწორედ ამ ვიდეოს გამო დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ და შედეგად, ფაშისტური დაჯგუფების ლიდერი ცეცლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები