სოციალურად დაუცველები

თბილისის მერია უფასო სასადილოების ბენეფიციართა გაცდენებს ელექტრონულად დაითვლის

დედაქალაქის მერია უფასო სასადილოების ბენეფიციართა გაცდენების ელექტრონულ აღრიცხვებს იწყებს. მერიის სპეციალური სამსახური 38 ათასი სოციალურად დაუცველი პირის მიერ უფასო სასადილოებით სარგებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდება.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სისტემის დანერგვის შედეგად ზუსტად აისახება სასადილოში ბენეფიციართა დასწრება (სასადილოში გამოცხადების დღე, საათი, წუთი) საპატიო თუ არასაპატიო გაცდენები.  

"მობილურ ტელეფონში ჩაწერილ აპლიკაციაზე პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის შეხებით ფიქსირდება ბენეფიციარის ვიზიტი სასადილოში, პარალელურად კი, ეს ინფორმაცია აისახება ბენეფიციართა აღრიცხვის ელექტრონულ ბაზაში,"- წერია მერიის განცხადებაში.

ამავდროულად, ახალი სისტემით მერიისთვის ხელმისაწვდომი იქნება ბენეფიციართა პერსონალური ინფორმაცია - კერძოდ: სოციალურად დაუცველის სტატუსის ცვლილება, შეჩერება ან გაუქმება, ასევე გარდაცვალება, ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი და აშ.

დღეისათვის თბილისში 63 უფასო სასადილო მოქმედებს, ბენეფიციართა რაოდენობა კი 38 000-მდეა. სასადილოების წლიური ბიუჯეტი 20 მილიონ ლარამდეა. 

კომენტარები