თამბაქო

ბიზნესომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, გასწორდეს თამბაქოს კანონში არსებული ხარვეზები

Reuters

ქართული ოცნების მიერ მიღებული თამბაქოს კონტროლის კანონი რიგი მიმართულებით აცდენაშია ევროდირექტივებთან, ხოლო კანონის ზოგიერთი მუხლი ბუნდოვანია, რაც მისი ორაზროვანი გაგების რისკს ზრდის. სწორედ ამიტომ ბიზნესომბუდსმენის აპარატი პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს გასწორდეს კანონში არსებული სამართლებრივი ხარვეზები. ირაკლი ლექვინაძის უწყებამ დღეს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც კანონის პრობლემურ ნაწილებზეა საუბარი.

ბიზნესომბუდსმენის განცხადება:

"საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართეს ა(ა)იპ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ ერთ-ერთმა ქსელურმა სავაჭრო ობიექტმა და სიგარების, სიგარელების და შესაბამისი აქსესუარების საქართველოში იმპორტიორმა კომპანიებმა (შპს „ბი და ჯი“; შპს „პი და ელი“; შპს „ჰავანა“; შპს „ხატია“ და შპს „კარიდიან ტაბაკო“) „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 17 მაისს შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

კერძოდ, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ წერილში მითითებულია, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული განმარტებების დიდი ნაწილი არ შეესაბამება ევროკავშირის „თამბაქოს ნაწარმის დირექტივას“ (2014/40/EU; TPD 2), რაც მნიშვნელოვან ბარიერს უქმნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის „თამბაქოს ნაწარმის დირექტივასთან“ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შეუსაბამობაზე როგორებიცაა - თამბაქოს ნაწარმისა (მუხლი 3, პუნქტი „ა“) და თამბაქოს მოწევის (მუხლი 3, პუნქტი „დ“) განმარტებები. კერძოდ, განცხადებაში საუბარია, რომ ელექტრონული სიგარეტი არ უნდა განიმარტებოდეს როგორც თამბაქოს ნაწარმი ვინაიდან ის სრულიად ახალი პროდუქტია, შესაბამისად, საჭიროებს სხვაგვარ განმარტებასა და რეგულირებას.

„თამბაქოს კონტოლის შესახებ“ საქართველოს კანონის რიგი რეგულაციების შეცვლის საჭიროებაზე საუბრობენ სიგარების, სიგარელების და შესაბამისი აქსესუარების საქართველოში იმპორტიორი კომპანიებიც, რომლებიც მიუთითებენ, რომ კანონის მიღმა დარჩენილია ისეთი მნიშნელოვანი საკითხები - როგორიცაა სიგარების, სიგარელების და შესაბამისი აქსესუარების რეალიზაცია. კერძოდ, საკითხი ეხება ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტებით დადგენილ პირობებს, რომლებიც კრძალავენ თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის და მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციას ან/და განლაგებას ერთეული ღერებით, შეფუთვის გარეშე და ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან.

განმცხადებლების განმარტებით, აღნიშნული რეგულაციები მძიმე ტვირთად აწვება კომპანიებს, ვინაიდან სიგარებისა და სიგარელების ერთეული ღერების შეფუთვის გარეშე რეალიზაცია გავრცელებული პრაქტიკაა, მათი ფასის, მოხმარების ინტენსივობისა და დამკვიდრებული ჩვევების გამო. ამდენად, პროდუქტის უმეტესობა ცალკეული შეუფუთავი ღერების სახით იყიდება. პრაქტიკულად შეუძლებელია ცალკეული ღერების შეფუთვა იმგვარად, რომ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვიდეს.

რაც შეეხება ქსელური სავაჭრო ობიექტის მიერ დასმულ საკითხს, იგი ეხება თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო ობიექტებში განთავსებასა და ობიექტის გარედან ხილვადობის პრობლემებს.

საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ხდება ნორმის იმგვარად განმარტება, რომ რეალიზაციის ობიექტებში ფაქტობრივად შეუძლებელია თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია. კერძოდ, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება - სავაჭრო ობიექტის იმ სექციაში, სადაც ბავშვის ტანსაცმელი, კვების პროდუქტი ან/და სათამაშო იყიდება. სსიპ შემოსავლების სამსახური კანონში მითითებულ „კვების პროდუქტად“ მიიჩნევს არა მხოლოდ ბავშვის კვების პროდუქტს, არამედ ყველა სახის პროდუქტს რომელიც განკუთვლინილია საკვებად, მათ შორის, მოზრდილებისთვისაც, რაც ჩვენი აზრით არასწორია. ასევე, კანონში დასაზუსტებელია რა იგულისხმება „ბავშვის კვების პროდუქტში“. შესაბამისად, საკითხი საჭიროებს დაკონკრეტებას, რათა არ შეიძლებოდეს მისი სხვაგვარი განმარტება და უფრო მარტივი იყოს მისი აღსრულება, როგორც მაკონტროლირებელი ორგანოსთვის, ისე რეალიზაციის ობიექტებისთვის.

რაც შეეხება კომპანიის განცხადებაში დასმულ მეორე საკითხს, იგი გამომდინარეობს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტიდან, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება - ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან.

კომპანიის განცხადებით, კანონი არ იძლევა იმის განმარტებას, თუ რა იგულისხმება ხილვადობაში. კერძოდ, რა პოზიციიდან და მანძილიდან არ უნდა იყოს პროდუქტი ხილვადი გარედან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თითქმის ყველა ქსელურ (ბრენდულ) სავაჭრო ობიექტს აქვს გამჭვირვალე მინის წინა/გვერდითი კედელი/ფანჯარა. ასევე, ობიექტის შესასვლელი კარის გაღებისას, ობიექტში განთავსებული პროდუქტის გამოჩენა გარეთ მყოფი პირისთვის უნდა ჩაითვალოს თუ არა ობიექტის გარედან ხილვადად განლაგებად. აღნიშნული ჩანაწერიც ბუნდოვანია და იძლევა ნორმის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი იზიარებს განცხადებებში დასმული საკითხების მნიშვნელობას და მათი საკანონმდებლო დაზუსტების საჭიროებას,"- წერია განცხადებაში. 

ბიზნესომბუდსმენის აპარატს წარსულში სხვა კანონებთან მიმართებითაც აქვს შენიშვნები გამოთქმული. მათ შორისაა უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვის საკითხი და იურიდიული პრობლემები, რაც ამ აკრძალვამ საქართველოს საბანკო სექტორს შეუქმნა. 

უფრო ვრცლად წაიკითხეთ რა მიმართულებით არ შეესაბამება თამბაქოს კონტროლის კანონი ევროპულ კანონმდებლობას

ვის ეხება თამბაქოს კონტროლის კანონი და რატომ არის მასში ხარვეზების აღმოფხვრა მნიშვნელოვანი:

თამბაქოს კონტროლის კანონი თავისი მოქმედების არეალიდან გამომდინარე ბოლო წლებში მიღებული, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ფართო რეგულაციაა. თამბაქოს კონტროლის კანონი შეეხება საქართველოს ერთ მილიონამდე მწეველ მოქალაქეს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა ყველა დაწესებულებას. მისი რეგულირების ქვეშაა პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივი ობიექტი, ასევე სავაჭრო დაწესებულებები, სადაც თამბაქოს ნაწარმის შეძენაა შესაძლებელი. მაგალითად, ცვლილება პირდაპირ ითვალისწინებს გზისპირა თამბაქოს ჯიხურების აკრძალვას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც თამბაქოს კონტროლის კანონის შემადგენელი ნაწილია არის ამ პროდუქტის რეკლამირების სრულად აკრძალვა. აკრძალვა შეეხება როგორც გარე რეკლამებს, ბილბორდებს, ასევე ტელევიზიას და ბეჭდურ მედიას.

კომენტარები