საქართველოს მთავარი პროკურატურა

საია მთავარ პროკურორს: რეორგანიზაციის პროცესში დაინტერესებული პირები ჩართეთ

საია
gyla.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მთავარ პროკურატურაში მიმდინარე რეორგანიზაციას ეხმაურება და ამბობს, რომ რეალური ცვლილებების გატარებისთვის მხოლოდ ვიწრო შიდა სტრუქტურული ცვლილებები საკმარისი არ არის.

გარდა ამისა, ორგანიზაციის აზრით, მთავარი პროკურორის მიერ ერთპიროვნული ცვლილებები ქვეყნისა და ფართო საზოგადოებისთვის შედეგიანი ვერ იქნება და ვერ მოემსახურება პროკურატურის დეპოლიტიზებისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზანს.

"პროკურატურის მკაცრად ცენტრალიზებული სტრუქტურა არის მთავარი პრობლემა, რაც პროკურატურის სისტემას ორგანიზაციული თვალსაზრისით უდგას. ცენტრალიზებული სისტემა, პროკურატურის მუშაკთა თანამდებობაზე დანიშვნისა და განთავისუფლების არსებული წესი, ინდივიდუალური პროკურორის ნეიტრალურად მუშაობის გარანტიების არარსებობა და სხვა მსგავსი პრობლემები პროკურატურის დეპოლიტიზების ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელია", - აღნიშნავს საია.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რეალური ცვლილებების მისაღწევად საჭიროა პროკურატურის სისტემის რეორგანიზაცია უფრო ფართო რეფორმის სახით მოხდეს, რომელიც საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს გაითვალისწინებს. გარდა ამისა, საია-ს თქმით, საჭიროა რეფორმის დაგეგმვა და გატარება ყველა დაინტერესებული პირის, მათ შორის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით მოხდეს. 

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებების თანახმად, 2018 წლის ნოემბრიდან საქართველოს პროკურატურის სისტემა დამოუკიდებელ უწყებად ყალიბდება და იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში აღარ იქნება. ორგანიზაციის თქმით, კონსტიტუციური ცვლილებებიდან გამომდინარე პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა "პროკურატურის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე, რაც პროკურატურის სისტემას არსებითად შეცვლის. საია-ში ამბობენ, რომ ცვლილებებს საჭიროებს საპროკურორო საბჭოს ფუნქციათა ჩამონათვალიც და პროკურატურაში ორგანიზაციული ცვლილებებიც მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს.  

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურორს:

1. რეორგანიზაციის პროცესის დაგეგმვის ეტაპიდან მისი შესრულების ჩათვლით უზრუნველყოს პროცესის ღიაობა და გამჭვირვალობა, დაინტერესებული სუბიექტების ჩართვა და მათთან დისკუსიის შედეგად გადაწყვეტილებების მიღება.

2. ორგანიზაციული ცვლილებები დაგეგმოს პროკურატურის სისტემის დამოუკიდებლობის და ინდივიდუალური პროკურორის ნეიტრალობის გარანტიების გაზრდის მიზნით, პროკურატურის სისტემაში მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში.  

საია აცხადებს მზადყოფნას აქტიურად ჩაერთოს პროკურატურის სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის გამართულ სამუშაო პროცესში და ხელი შეუწყოს პროკურატურაში რეალური რეფორმების გატარების პროცესს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 31 გაავრცელა განცხადება, რომლის მხიედვით, უწყებაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. პროკურატურა აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის დასრულებამდე პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პირებისათვის დანამატებისა და პრემიების გაცემა შეჩერდება. მათივე ინფორმაციით, შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, პირველ რიგში ცვლილებები სტრუქტურულ ერთეულებს შეეხება, რომლებშიც დასაქმებულები არიან საჯარო მოხელეები.

კომენტარები