ე.წ. ქართული მარში

ლადო სადღობელაშვილმა ქართული მარში დატოვა

ლადო სადღობელაშვილი/Fb.com

ლადო სადღობელაშვილი "ქართული მარშს" ტოვებს. ამის შესახებ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ფეისბუქზე წერს. 

მისივე თქმით, მოძრაობა ირაკლი დოლენჯაშვილმაც დატოვა. სადღობელაშვილი ამბობს, რომ "პოლიტიკური და პირადი შეხედულებებიდან გამომდინარე" გადადგეს ეს ნაბიჯი. .

"9 სექტემბერი საქართველოს სპორტულ ისტორიაში ერთერთი მნიშვნელოვანი თარიღია... მავანნი მას შეგნებულად ცდილობენ,ჩირქი მოსცხონ და მსოფლიო არენაზე ქვეყანას შეუბღალონ ისტორიული სახელი,ტოლერანტობის და ოდითგანვე თავისუფლებისათვის ლტოლვის ავტორიტეტი მარგინალურად გააცამტვერონ", -წერს სადღობელაშვილი. 

მან პროვოკაცია უწოდა მარშის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 9 სექტემბერს დინამოს სტადიონზე გეი აღლუმი იგეგმება. 

"ვგმომთ და ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას ... არ ვუერთდებით ე.წ სპეციალურად დაგეგმილ "პროვოკაციას", მოვუწოდებთ ყველას! არ წამოეგონ აღნიშნულ მარაზმს, რაც საქართველოში მიზანმიმართულ არეულობას ისახავს,მითუმეტეს ვაი-პატრიოტები რელიგიის სახელით ძალადობისკენ უბიძგებენ საზოგადოებას",-დაწერა მან. 

9 სექტემბერს დინამო არენაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ლატვიას შეხვდება. ქართული მარშის წევრები ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გურამ კაშიას მიერ #EqualGames-ის ჯილდოს მიღებას გაპროტესტებას გეგმავენ. 

ლადო სადღობელაშვილი ე.წ ქართული მარშის კიდევ 5 წევრთან ერთად პოლიციამ 19 მარტს დააკავა. ძალადობრივი ჯგუფის წევრები გიორგი გაბუნიას რუსთავი 2-ის ეზოში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მათ სცემეს ჟურნალისტ დავით ერაძესაც.

ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ მარშის 4 წევრს, მათ შორის ლადო სადღობელაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გირაოთი შეუცვალა.

კომენტარები