სირია

რუსულმა და სირიულმა თვითმფრინავებმა სირიის იდლიბის პროვინცია დაბომბეს

იდლიბი
Reuters

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიხედვით, სირიის სამხედრო ძალებმა ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი ტერიტორია, იდლიბის პროვინცია დაბომბეს.

საჰაერო დარტყმებში რუსული და სირიული თვითმფრინავები მონაწილეობდნენ. დაიღუპა 13 მშვიდობიანი მოქალაქე.

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი იდლიბს "ტერორიზმის ბუდეს" უწოდებს. სირიაში გაეროს დესპანი სტაფან დე მისტურა მხარეებს მოუწოდებს საკითხი სისხლისღვრის გარეშე გადაჭრან.

გასულ კვირას მისტურამ აღნიშნა, რომ საერთაშორისოდ აღიარებულ ტერორისტულ ორგანიზაციების, "ალ-ნუსრას ფრონტს" და "ალ-კაიდას" რეგიონში 10,000 მებრძოლი ჰყავს.

იდლიბის პროვინციის ნაწილი ტერორისტული დაჯგუფების, "ალ-კაიდას" ყოფილ მოკავშირეებს, დაჯგუფება "თაჰრირ ალ-შამ"-ს უკავია, რომელსაც გაერო ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობს, ხოლო თურქეთმა ტერორისტული დაჯგუფებების სიაში გასულ კვირას შეიყვანა. ამბოხებულთა ნაწილი სირიის თავისუფალი არმიის რიგებში იბრძოდა და ამჟამად ალიანსშია გაერთიანებული, რომელსაც თურქეთი უჭერს მხარს. თურქეთს საკუთარი ძალები რეგიონში სადამკვირვებლო მისიით ჰყავს განთავსებული.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით იდლიბში რადიკალური დაჯგუფებების ყოფნას სამხედრო ოპერაციის საბაბად იყენებენ. "ჩვენ უნდა გავარჩიოთ ტერორისტები სხვა ხალხისაგან." თქვა მან რუსეთში ვიზიტისას.

7 სექტემბერს თეირანში ირანის, რუსეთისა და თურქეთის ლიდერები იდლიბის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ.

თურქული მედიის მიხედვით რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თეირანში დაგეგმილ მოლაპარაკებბს შესაძლოა პოზიტიური შედეგები ჰქონდეს.

"იდლიბში არსებულ სიტუაციას თურქეთისათვის გადაწმყვეტი მნიშვნელობა აქვს. იქ დაუნდობელი პროცესები მიმდინარეობს. ღმერთმა არ ქნას და ეს ტერიტორია რაკეტებით არ დაბობმბონ. სერიოზული ხოცვა-ჟლეტა იქნება." "ჩვენ თეირანის სამიტზე, რომელიც ასტანას სამიტის გაგრძელებაა, ამ საკითხს პოზიტიურ შედეგამდე მივიყვანთ. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ რეგიონში სირიის მთავრობის ექსტრემიზმის შეჩერებას." თქვა ერდოღანმა.

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბაშარ ალ-ასადი და მისი მოკავშირეები, ირანი და რუსეთი გააფრთხილა თავი შეიკავონ ამბოხებულების მიერ კონტროლირებად პროვინცია იდლიბზე თავდასხმისაგან.

"სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი წინადუხედავად არ უნდა დაესხას თავს იდლიბის პროვინციას. რუსები და ირანელები საშინელ ჰუმანიტარულ შეცდომას დაუშვებენ ამ პოტენციურ ტრაგედიაში მონაწილეობით. ასობით ათასი ადამიანი დაიღუპება. არ დაუშვათ, რომ ეს მოხდეს!" დაწერა ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თქვა, რომ იდლიბზე თავდასხმა სირიის ომის ესკალაცია იქნება და ვაშინგტონი ქიმიური თავდასხმის შემთხვევაში სათანადო რეაგირებას მოახდენს.

"თუ ქიმიურ იარაღს გამოიყენებენ, ზუსტად ვიცით, ვინც გამოიყენებს მას." თქვა გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ.

გაეროს უშიშროების საბჭო იდლიბის საკითხს პარასკევს განიხილავს.

კომენტარები