ფემიციდი

გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაული შესაძლოა, დამამძიმებელი გარემოება გახდეს

www.lavalsusa.it

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფემიციდის შესახებ ქალთა მოძრაობის პეტიცია პრინციპების დონეზე გაიზიარა.

კომიტეტს მიაჩნია, რომ გენდერული ნიშნით მკვლელობებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებასა და გამკაცრებასთან დაკავშირებული ცვლილებები მთავრობის მიერ უკვე ინიცირებული კანონპროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობის კანონპროექტი ქალთა მოძრაობის პეტიციით წარმოდგენილ საკითხებს მოიცავს და შესაბამისობაშია კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპთან. კერძოდ, საუბარია სისხლის სამართლის კოდექსში გენდერის ან გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად გამოყოფაზე.

"შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება არამხოლოდ ფემიციდისთვის, არამედ, მოცემული დამამძიმებელი გარემოებები უფრო ფართოა და მოიცავს მთლიანად, გენდერული ნიშნით ჩადენილი ქმედებისათვის პასუხისმგებლობას", - წერია კომიტეტის დასკვნაში, რომელიც პარლამენტის ბიუროს უკვე გადაეგზავნა.

ქალთა მოძრაობამ პეტიციით პარლამენტს 26 აპრილს მიმართა და სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის აკრალვის შესახებ სპეციალური მუხლის მიღება ან გენდერულად მოტივირებული მკვლელობის დამამძიმებელ გაერმოებად გამოყოფა მოითხოვა. გარდა ამისა, მოძრაობა პარლამენტს სთხოვს ამ დანაშაულისთვის 13-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა განსაზღვროს, ხოლო სხვა დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევებში უვადო პატიმრობა.

ცნობისთვის, ფემიციდი (femicide) ქალებზე ძალადობის უკიდურესი გამოვლინებაა. ეს ტერმინი ქალებისა და გოგონების მკვლელობას (femi - ქალი, cide - კვლა) ნიშნავს. ფემიციდად ითვლება მამაკაცების მიერ ქალების მკვლელობა გენდერული ნიშნით. როგორც წესი, ეს არ არის იზოლირებული ქმედება, რომელიც ხდება მოულოდნელად. პირიქით, უმეტეს შემთხვევაში, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის განგრძობადი ქმედების საბოლოო აქტს წარმოადგენს.

ფემიციდის შესახებ ვრცლად, წაიკითხეთ სტატიაში: "ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონა" - ქალთა კვლის ანატომია საქართველოში

კომენტარები