ხორავას ქუჩის კომისია

ხორავას ქუჩის კომისიის დამტკიცებული დასკვნა და რეკომენდაციები გამოქვეყნდა

პარლამენტი

დღეს, 5 სექტემბერს ხორავას ქუჩის მკვლელობების შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობა დასრულდა და კენჭი ეყარა დასკვნის დოკუმენტს. კომისიამ, რომლის უმრავლესობასაც საპარლამენტო უმცირესობა წარმოადგენდა, ევროპული საქართველოს მომზადებული დოკუმენტი დაამტკიცა. დასკვნისა და რეკომენდაციების ძირითად ნაწილებს, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ მოამზადა, კომისიაზე ბოლო კვირის განმავლობაში ხმაურიანი დებატების ფონზე განიხილავდნენ. 

ვრცელ, 70-გვერდიან დოკუმენტს, რომელიც დაწვრილებით აღწერს კომისიის მუშაობას, მის შედეგებსა და საქმის გარემოებებს, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ლინკზე

გთავაზობთ, გამოძიების პროცესში ძირითადი დარღვევებისა და რეკომენდაციების ჩამონათვალს მოკლედ: 

  • მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ გამოკვეთილი აშკარა მიკერძოება გამოძიებისას.
  • მირზა სუბელიანის შვილის დეიდაშვილის, მ.კ.-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები; ასევე, არ გადამოწმდა დანაშაულში მისი მონაწილეობის ვერსია.
  • მ.კ.-სთვის დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდების წაუყენებლობა
  • შემთხვევის ძირითადი ადგილისა და მეორე ადგილის არასათანადო დათვალიერება, შესაბამისი მტკიცებულებების განადგურება, ან არმოპოვება 
  • გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღებასა და დათვალიერებასთან დაკავშირებული დარღვევები
  • დარღვევები კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებებიდან მტკიცებულებათა მოპოვებისას 
  • თვითმხილველთა დაკითხვასთან დაკავშირებული დარღვევები  
  • საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებული დარღვევები 
  • გამოძიების არდაწყება გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე
  • დ.ღ.-ს მიმართ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა 
  • დავით სარალიძის მკვლელობაში გ.მ.-ს მონაწილეობის ვერსიის დაუმუშავებლობა 

კომისიის ძირითადი რეკომენდაციები:

  • მ.კ.-ს მიმართ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება 
  • მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყება - კერძოდ: საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე ზემოქმედების განხორციელება, გამოძიებისთვის ხელის შეშლა
  • მოწმეების მიმართ ცრუ ჩვენების და ცრუ ახსნაგანმარტების მიცემის ფაქტზე გამოძიების დაწყება
  • გამოძიების დაწყება წეროვანიდან გ.ჯ.-ს წაყვანის დროს დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის ფაქტზე
  • გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყება
  • საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა საგამოძიებო პროცესში ჩადენილი დარღვევების გამო
  • სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე რეაგირება
  • ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ქმედებებზე გამოძიების დაწყება - სამსახურეობრივი გულგრილობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის
  • შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომ მათ დატოვონ დაკავებული თანამდებობები

დასკვნაში ასევე გაცემულია რეკომენდაციები განათლების სამინისტროსთვის; ხაზგასმულია მანდატურებისა და სკოლის დირექტორების პასუხისმგებლობა. ასევე დაყენებულია ინიციატივები განათლების კანონმდებლობის დახვეწასთან დაკავშირებით, რათა გაიზარდოს სკოლებში უსაფრთხოება და მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი დანაშაულები. 

კომენტარები