სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე

ტერეზა მეის თქმით, სკრიპალის მოწამვლაში ეჭვმიტანილები GRU-ს თანამშრომლები არიან

0 კომენტარი
ფოტო: AFP

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზმა მეიმ ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაში რუსეთის ორი მოქალაქის დადანაშაულებაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით ეჭვმიტანილები რუსული შეიარაღებული ძალების სადაზვერვო სამსახურის, GRU-ს ოფიცრები არიან:

"GRU მკაცრი დისციპლინის ორგანიზაციაა კარგად ჩამოყალიბებული მეთაურობით. შესაბამისად, ეს არ იყო დამოუკიდებელი ოპერაცია. მასზე დასტური, დიდი ალბათობით, GRU-ს გარეთ, რუსეთის სახელმწიფოს უმაღლეს დონეზე გაიცა." თქვა მან.

დიდი ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის წინააღმდეგ შეგროვებულ სამხილებს წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დიდ ბრიტანეთში, სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულია სკრიპალის რუსული ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" მოწამვლის საქმეზე ეჭვმიტანილად რუსეთის ორი მოქალაქე დასახელდა.

სკოტლანდ იარდის მიხედვით საკმარისი მტკიცებულება არსებობს იმისათვის, რომ ალექსანდერ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი სოლსბერის თავდასხმისათვის გაასამართლონ. სავარაუდოდ, ეს სახელები და რუსული პასპორტები, რომლითაც ისინი დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ, ყალბია.

გამოძიებს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ორი ეჭვმიტანილი, რომელთა ასაკი 40 წლამდეა მოსკოვიდან გატვიკის აეროპორტში 2 მარტს ჩავიდა, იქიდან კი 4 მარტს სოლსბერიში გაემგზავრნენ.

პოლიცია თავდასხმას კიდევ ორი ადამიანის მოწამვლასთან აკავშირებს, რომელთაგან ერთ-ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა. სავარაუდოდ ისინი მას შემდეგ მოიწამლნენ, რაც შეხება ჰქონდათ პარფიუმერიის ბოთლთან, რომელიც, სავარაუდოდ, სკრიპალების კარზე მომწამლავი ნივთიერების მისასხურებლად გამოიყენეს.

უკვე გამოიცა ევროკავშირის მასშტაბით დაკავების ორდერი. დიდი ბრიტანეთი მათი ექსტრადიციის მოთხოვნით რუსეთს არ მიმართავს, რადგან ორ ქვეყანას შორის ექსტრადიციის თაობაზე შეთანხმება არ არსებობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ მედიაში გამოქვეყნებული სახლები და ფოტოები მოსკოვისათვის არაფერს ნიშნავს და ბრიტანეთს საჯარო ბრალდებებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა.

რუსეთის მოქალაქეების დადანაშაულებამდე ორი დღით ადრე ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც რუსეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოების მიერ დაქირავებული აგენტების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოდ გამოცხადდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები