კაპანაძე: ველოდებით ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და შეასრულოს რეკომენდაციები

პარლამენტი

ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე და ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს შეასრულონ კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები. ამის შესახებ კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. კაპანაძემ ასევე აღნიშნა, რომ კომისიის გუშინდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა პარლამენტს ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინონ ანგარიში, რამდენად სრულდება კომისიის რეკომენდაციები ამაზე ანგარიში.

"რაც იყო შესაძლებელი, კომისიამ დაადგინა და გამოკვეთა. ის მანდატი, რომელიც გვქონდა, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დაგვედგინა ამ საქმეზე, შეასრულა. ასევე მინდა გაცნობოთ შემდეგი ნაბიჯების შესახებ. ეს დასკვნა უკვე არის მიღებული კომისიის მხრიდან და უკვე არის ძალაში. შესაბამისად, ეს დასკვნა უკვე არის შესასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლება შეასრულებს თუ არა ამ დასკვნას, იმეტყველებს პირდაპირ იმაზე, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა პირველ დეკემბერს. დასკვნას მეტი აღარანაირი ლეგიტიმაცია აღარ სჭირდება. ის იქნება წარდგენილი ბიუროსთვის და პარლამენტის სესიისთვის უახლოეს ხანში. ბიუროს გაეგზავნება დღეს და უახლოეს სესიაზე იქნება განხილული. იქნება ასევე პოლიტიკური დისკუსია, მაგრამ დასკვნა არის მიღებული, არის ერთი დასკვნა და არის ძალაში. ჩვენ ველოდებით, რომ ხელისუფლება გადადგამს ქმედით ნაბიჯებს და იმ რეკომენდაციებს, რომელიც არის გაცემული ჩვენს დასკვნაში, ჯამში არის 32 რეკომენდაცია. ველოდებით, რომ მათ შეასრულებს და ამგვარად უპასუხებს როგორც საზოგადოებას და იმ მოთხოვნებს, რომელიც საზოგადოებას გაუჩდა, ისე დაზარალებულების ოჯახებს“,  - თქვა სერგი კაპანაძემ.

გუშინ, 5 სექტემბერს ხორავას ქუჩის მკვლელობების შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობა დასრულდა და კენჭი ეყარა დასკვნის დოკუმენტს. კომისიამ, რომლის უმრავლესობასაც საპარლამენტო უმცირესობა წარმოადგენდა, ევროპული საქართველოს მომზადებული დოკუმენტი დაამტკიცა. დასკვნისა და რეკომენდაციების ძირითად ნაწილებს, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ მოამზადა, კომისიაზე ბოლო კვირის განმავლობაში ხმაურიანი დებატების ფონზე განიხილავდნენ. 

ვრცელ, 70-გვერდიან დოკუმენტს, რომელიც დაწვრილებით აღწერს კომისიის მუშაობას, მის შედეგებსა და საქმის გარემოებებს, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ლინკზე

გამოძიების პროცესში ძირითადი დარღვევებისა და რეკომენდაციების ჩამონათვალს მოკლედ იხილეთ ლინკზე.

კომენტარები