ბრაზილია

ბრაზილიის პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაჭრეს

AFP

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი, ჟაირ ბოლსონარო წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაჭრეს.

მას დანა მაშინ დაარტყეს, როდესაც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მინას-ჟერისის შტატში მოსახლეობას ხვდებოდა.

მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. თავდამსხმელს ბოლსონაროს მხარდამჭერებმა სცემეს. ის ადგილზევე დააკავეს. თავდამსხმელი 40 წლის ადელიო ობისპო დე ოლივიერაა, რომელსაც, პოლიციის მიხედვით, ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

გამოკითხვების მიხედვით, თუ ყოფილი პრეზიდენტი ლულა და სილვა, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია, არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს, ბოლსონარო ხმების უმეტესობას დააგროვებს.

63 წლის ყოფილი სამხედრო კაპიტანი 1980 წლიდან სამხედროების უფლებებს იცავს. ის სოციალ-ლიბერალების პარტიას წარმოადგენს და მხარს უჭერს იარაღზე კონტროლის კანონების შემსუბუქებას და აბორტის აკრძალვას.

ის ხშირად ყოფილა კრიტიკის ობიექტი და მისთვის "ბრაზილიელი ტრამპიც" უწოდებიათ რასისტული, ჰომოფობიური და სექსისტური გამონათქვამების გამო.

2011 წელს Playboy-ს ჟურნალისათვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ გეი შვილის შეყვარებას ვერ შეძლებდა და ურჩევნია ასეთი შვილი უბედური შემთხვევის დროს დაიღუპოს.

2015 წელს ის დააჯარიმეს, რადგან კონგრესმენ ქალზე თქვა, რომ ის არ ღირს გაუპატიურებად, რადგან ძალიან მახინჯია.

ამჟამად მის წინააღმდეგ რასისტული გამონათქვამების გამო მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები