მკვლელობა

სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა, ტარებასა და გასაღებაში ბრალდებული ნ.ქ. დამნაშავედ ცნო.

ამით სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები გაიზიარა.

უწყების ცნობით, 2017 წლის 29 დეკემბერის საღამოს, წარსულში ნასამართლევმა ნ.ქ-მ მასთან სახლში მყოფ დ.ტ-ს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, ორჯერ ესროლა, შემდეგ კი სახისა და კისრის არეში რამდენჯერმე დაუსვა დანა.

დ.ტ ადგილზე გარდაიცვალა. მისი ცხედარი ნ.ქ-მ მტკვართან, ხევში გადაადგო.იმავე საღამოს მან ჩადენილი მკვლელობის შესახებ მეგობრებს უამბო, შემდეგ კი მათთან ერთად დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და გ.ი.-ს დახმარებით გვამი მდინარეში გადააგდო.

2018 წლის იანვრის დასაწყისში, ნ.ქ.-მ მკვლელობის იარაღი - ორლულიანი გადაჭრილი თოფი გ.ი.-ს სახლში მიუტანა და შესანახად გადასცა, საიდანაც მოგვიანებით ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

სამართალდამცველებმა ნ.ქ. 2018 წლის 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.ქ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის მაქსიმალური ზომა - თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქეთი დევდარიანი

კომენტარები