გურამ კაშია

შსს: პოლიციის და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით მატჩი მშვიდობიან გარემოში ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო-ლატვიის თამაშის მიმდინარეობისას, პოლიცია მაქსიმალურად იცავდა სტადიონზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოებას.

"ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას. მატჩის მიმდინარეობის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები მაქსიმალურად იცავდნენ სტადიონზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოებას. მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებისათვის, საზოგადოების თითოეულ წევრს კი - გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებისთვის.

პოლიციის და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა მატჩის მშვიდობიან გარემოში ჩატარება. საქართველოს ნაკრებს ვუსურვებთ წარმატებებს მომავალშიც" - აცხადებს შსს.

იმის გამო, რომ საქართველო-ლატვიის გუშინდელ მატჩში გურამ კაშიაც მონაწილეობდა, ნეოფაშისტურმა ჯგუფებმა მის წინააღმდეგ აქცია დაგეგმეს. ქართული მარშის ოცამდე წევრი დინამოს ცენტრალურ შესასვლელთან "ლგბტ პროპაგანდის დასაგმობად" შეიკრიბა, მათი სამი ორგანიზატორი შსს-მ გამოკითხვაზე გადაიყვანა. პარალელურად, სტადიონზე გურამ კაშიას მხარდამჭერები იმყოფებოდნენ - ისინი ტრიბუნებზე ვიცეკაპიტანის მხარდამჭერი პოსტერებით მივიდნენ.

გუშინდელმა საღამომ ექსცესების გარეშე ჩაიარა. ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიის საფეხბურთო გუნდი ანგარიშით, 1:0 დაამარცხა და 6 ქულა მოიპოვა. საქართველოს ნაკრები ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია.

კომენტარები