პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

2018 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 10%-ით შემცირდა

REUTERS

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სახით სულ $676.2 მილიონი შემოვიდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 10%-ით ჩამოუვარდება. 

საქსტატის განმარტებით, ინვესტიციების ვარდნის ერთერთი მიზეზია რამდენიმე მსხვილ საწარმოში მფლობელების საქართველოს მოქალაქეებით ჩანაცვლება, რის გამოც აღნიშნული კომპანიები FDI-ს სტატისტიკის დათვლიდან ამოვარდნენ. ამასთანავე შემცირდა უმსხვილესი ინვესტორის - აზერბაიჯანის ინვესტიციები. 

2018 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:

  1. აზერბაიჯანი - $136.5 მილიონი, კლება წინა წელთან 36%
  2. დიდი ბრიტანეთი - $130 მილიონი, ზრდა წინა წელთან 29%
  3. ნიდერლანდები - $97 მილიონი, ზრდა წინა წელთან 5.7%
  4. ჩეხეთი - $77 მილიონი, ზრდა წინა წელთან 446%
  5. აშშ - $52.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 45%
  6. ჩინეთი - $51 მილიონი, ზრდა წინა წელთან 312%
  7. პანამა - $34 მილიონი, ზრდა წინა წელთან 19%
  8. რუსეთი - $31.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 480%
  9. გერმანია - $26.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 252%
  10. ლუქსემბურგი - $19.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 159%

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში მოხვდა ოფშორული ზონაც (პანამა), ქართული ბიზნესები ოფშორებს ხშირად რეინვესტირებისთვის იყენებენ. მსხვილი ქართული კომპანიების ნაწილი ევროკავშირის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული, შესაბამისად მათი ბრუნვის ნაწილი უცხოურ ინვესტიციებად აღიქმება.

რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, ყველაზე მეტი თანხა - $174 მილიონი საფინანსო სექტორში ჩაიდო, ეს წინა წელთან 123%-ით მეტია. $126 მილიონით მეორე ადგილზე სატრანსპორტო სექტორია, სადაც ინვესტიციები 54%-ით შემცირდა. $117 მილიონით მესამე ადგილზე ენერგეტიკის სექტორი გავიდა, რაც წინა წელთან შედაებით 351%-ით მეტია.

წელსაც ინვესტიციებში ბოლო ადგილს სოფლის მეურნეობა იკავებს, სადაც მხოლოდ $6.2 მილიონი ჩაიდო. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთერთი მთავარი წყაროა. მის შემცირებას ეროვნული ვალუტის კურსზე ნეგატიური გავლენა აქვს. 

კომენტარები