შვედეთი

შვედეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, პოპულისტური პარტიის რეიტინგი გაიზარდა

Getty Images

9 სექტემბერს შვედეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ამ დროისათვის არსებული შედეგების მიხედვით საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა პარტიამ შეძლო. საბოლოო შედეგები ოთხშაბათს იქნება ცნობილი.

მმართველმა სოციალ დემოკრატების პარტიამ, რომელსაც პრემიერმინისტრი სტეფან ლევენი ხელმძღვანელობს კვლავ ყველაზე მეტი, ხმათა 28.4% და შესაბამისად 349 ადგილიან პარლამენტში 101 ადგილი მოიპოვა, თუმცა ეს მაჩვენებელი პარტიისათვის უკანასკნელი საუკუნის მანძილზე ყველაზე დაბალია.

არჩევნების შედეგების მიხედვით შემცირდა მთავარი ოპოზიციური პარტიის, მემარჯვენე-ცენტრისტული ზომიერი პარტიის რეიტინგიც. მათ ხმათა 19.8% დააგროვეს და პარლამენტში 70 ადგილი მოიპოვეს.

2014 წელთან შედარებით, პოპულისტურმა, ანტი-საიმიგრაციო, რადიკალურად მემარჯვენე "შვედეთის დემოკრატების" პარტიამ 4.7%-ით მეტი, ხმათა 17.6% მოიპოვა, თუმცა ეს რიცხვი ჩამოუვარდება პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც ვარაუდობდნენ, რომ პარტია 25%-ზე მეტის მოპოვებას შეძლებდა. საბოლოო ჯამში, პარტიამ პარლამენტში 62 ადგილი მოიპოვა.

გაზრდილია ყოფილი კომუნისტური მემარცხენე პარტიისა და მემარჯვენე-ცენტრისტული ქრისტიან დემოკრატიული პარტიის რეიტინგიც. მათ პარლამენტში შესაბამისად 28 და 23 ადგილი მოიპოვეს. ბარიერის გადალახვა შეძლო მწვანეთა პარტიამაც, მათ 15 ადგილი მოიპოვეს.

ამ დროისათვის მემარცხენე-ცენტრისტულ და მემარჯვენე-ცენტრისტულ ბლოკებს ხმათა თითქმის თანაბარი რაოდენობა აქვთ მიღებული. უახლოეს პერიოდში სამთავრობო კოალიციის ფორმირებისათვის მოლაპარაკებები დაიწყება.

მიუხედავად იმისა, რომ მემარცხენე პარტიები, ისევე როგორც ლიბერალური და ზომიერი პარტიები პოპულისტებთან ურთიერთობის ნორმალიზებას ეწინააღმდეგებიან, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ შესაძლოა კოალიციაში რადიკალურად მემარჯვენე, ანტი-საიმიგრაციო "შვედეთის დემოკრატების" პარტიაც მიიწვიონ.

პარტიის ლიდერმა, იმი ოკესსონმა პარლამენტში 62 ადგილის მოპოვებას მისი პარტიისათვის გამარჯვება უწოდა და აღნიშნა, თანამშრომლობისათვის მზადაა. მისვე თქმით ახლა მის პარტიას შვედეთში მიმდინარე მოვლენებზე დიდი გავლენის მოხდენე შეუძლია.

ეს არჩევნები შვედეთში პირველია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 2015 წლის მიგრაციის კრიზისისას 163,000 მიგრანტი მიიღო, რაც, ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით, ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სწორედ ამიტომ წინასაარჩევნო კამპანიების და დებატების მთავარი თემა სწორედ იმიგრაცია იყო.

კომენტარები