სერენა უილიამსი

სერენა უილიამსი US OPEN-ის ფინალში წესების დარღვევისთვის $17 000-ით დააჯარიმეს

ლეგენდარული ჩოგბურთელი, სერენა უილიამსი, ამერიკის ღია პირველობის ფინალში ნაომი ოსაკასთან დაპირისპირების დროს, წესების დარღვევის გამო 17 000 ამერიკული დოლარით დააჯარიმეს.

ფინალი გუშინ, 9 სექტემბერს გაიმართა, რომელშიც სერენა უილიამსი ნაომი ოსაკასთან 2:6, 4:6 დამარცხდა.

ჯარიმა ლეგენდალურ ჩოგბურთელს სამი წესის დარღვევისთვის დაეკისრა: 10 ათასი დოლარი არბიტრისთვის მიყენებული შეურაცხყოფისთვის, 4 ათასი დოლარი მწვრთნელის მიერ კარნახისთვის და 3 ათასი დოლარი ჩოგნის გატეხვისთვის.

მეორე სეტის დროს, არბიტრმა კარლოს რამოსმა სერენა უილიამსი მწვრთნელის მიერ კარნახის შესახებ გააფრთხილა, რაზეც ამერიკელმა ჩოგბურთელმა უპასუხა - "მე არასდროს მითაღლითია".

თამაშის შემდეგ სერენა უილიმსის მწვრთნელმა პატრიკ მურატუგლოუმ თქვა, რომ ის მართლა ცდილობდა ჩოგბურთელისთვის რაღაც სიგნალების გადაცემას. დიდი სლემის ტურნირებზე კი მწვრთნელის მიერ კარნახი აკრძალულია.

ფინალის მიმდინარეობისას არბიტრმა უილიამსი ჩოგნის გატეხავისთვის 1 ქულით დააჯარიმა, რაზეც ჩოგბურთელმა მას "ქურდი" დაუძახა და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა.

სავარაუდოდ, სერენა უილიამსს ჯარიმის თანხას, 17 000 ამერიკულ დოლარს საპრიზო თანხიდან ჩამოაჭრიან. ფინალში მონაწილეობისთვის ჩოგბურთელმა 1.85 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა მიიღოს.

კომენტარები