განათლება

რატომ უნდა ჰქონდეთ მოზარდებს ინფორმაცია სქესობრივ ჯანმრთელობაზე

გამოტოვებული გაკვეთილები ბიოლოგიაში, უხერხული ჩურჩული მენსტრუაციაზე, აბორტები და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები მოზარდებში, ადრეული ქორწინება და არასრულწლოვანი დედები, უცნაური კითხვები სხვადასხვა ფორუმზე - ამ ყველაფერს ძირითადად ერთი მიზეზი აქვს, სექსუალური განათლების არარსებობა.

2018 წლის 6 თვეში საქართველოში 342 არასრულწლოვანის ორსულობა აღირიცხა, მათგან 36-მა აბორტი გაიკეთა. უფრო მაღალია მაჩვენებელი წინა წლებში: 2017 წელს 813 ორსულობა და მათ შორის 103 აბორტი, 2016 წელს კი 1190 ორსულობა და მათგან 103 აბორტი. გარდა ამისა, ბოლო წლებში არასრულწლოვნებში გამოვლინდა სიფილისის, ტრიქომონიაზის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებიც.

ეს სტატისტიკა ტაბულას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიაწოდეს.

შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება, თუ მოზარდებს ეცოდინებოდათ ორსულობის ან დაავადებების რისკის და თავის დაცვის შესახებ? ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია, თუმცა იმის თქმა ნამდვილად შესაძლებელია, რომ მეტი ინფორმირებულობა საფრთხეებს ამცირებს.

ამ თემაზე ჩატარებული კვლევა, რომელიც მოზარდების ცოდნის შესახებ ინფორმაციას მოგვცემდა, არ არსებობს.

სექსუალური, სქესობრივი ან რეპროდუქციული განათლება - ეს ის ტერმინებია, რომლებსაც მოზარდებისთვის შესაბამისი საკითხის სწავლებაზე საუბრის დროს იყენებენ.

ჯანმრთელობა

სპეციალისტები ერთმნიშვნელოვნად თანხმდებიან იმაზე, რომ არეულ ასაკში ორსულობა, აბორტი და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის მომავალშიც. რეპროდუქტოლოგები, ფსიქოლოგები, განათლების სპეციალისტები და სექსოლოგები მოზარდებში სქესობრივი განათლების აუცილებლობაზე მრავალი წელია საუბრობენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "თანადგომის" რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის მენეჯერი, ექიმი ქეთევან ჭელიძე ტაბულასთან ამბობს, რომ აუცილებელია მოზარდებს ჰქონდეთ ინფორმაცია, რათა სქესობრივ ურთიერთობას, თუნდაც ქორწინებას მომზადებულები შეხვდნენ. გარდა ამისა, ექიმის აზრით, არასრულწლოვნებს უნდა ასწავლიდნენ ძალადობის ფორმების შესახებაც, რათა მათ არასასურველი და ძალადობრივი სქესობრივი კონტაქტისგან თავის დაცვა შეძლონ.


ფოტო: Change.org
ექიმი საუბრობს იმ საფრთხეებზეც, რაც შეიძლება მოჰყვეს ადრეულ ასაკში ორსულობას, აბორტს და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს.

"ზოგადად, აბორტს ზრდასრული ასაკის ქალისთვისაც შეიძლება მოჰყვეს გართულებები. მოზარდის შემთხვევაში კი ხშირად ეს რისკი უფრო მაღალია. მათ შორის არის უშვილობა, სხვადასხვა ინფექციური დაავადება, მათი საშვილოსნოში შეტანა და ანთებითი პროცესები, სისხლდენა. არის სიკვდილიანობის რისკიც, განსაკუთრებით მოზარდებში. მოზარდებში გაცილებით ხშირია ორსულობის დროს სიკვდილიანობისა და ორსულობისგან გამოწვეული გართულებებიც. რაც შეეხება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს, ამ შემთხვევაში ბავშვები შიშის, უფულობის, სირცხვილის და სხვა მიზეზების გამო ექიმს არ მიმართავენ. ხშირად არც იციან როდის უნდა მიმართონ სპეციალისტს. შედეგად, ეს გადადის ქრონიკულ ფორმაში და მოჰყვება სასქესო ორგანოების და სასქესო გზის დაზიანება, უშვილობა, საშვილოსნოსგარე ორსულობები, ნაადრევი მშობიარობა, ორსულობის შეწყვეტა და ა.შ.", - ამბობს ქეთევან ჭელიძე.

სექსოლოგ ზურაბ მარშანიას თქმით, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ სექსუალური ლტოლვა და ამ საკითხების მიმართ ინტერესი აბსოლუტურად ნორმალურია და მოზარდებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ.

სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ადამიანის ჰარმონიული და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის აუცილებელია როგორც სხეულის და ფსიქიკის, ასევე სქესობრივი ჯანმრთელობა. ზურაბ მარშანიას თქმით, სექსუალური განათლების არქონამ შესაძლოა, ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხეები შეუქმნას.

"სქესობრივი განათლება ყოველი ადამიანისთვის აუცილებელია. ეს განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როცა იწყებს სქესობრივ ცხოვრებას, სანამ პირველი სექსუალური აქტი ექნება. პირველი სქესობრივი აქტი ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც გამოწვევაა და ამას უნდა გაუმკლავდნენ ჯეროვნად, რათა არ შეექმნათ პრობლემები, რომლებიც შემდგომ სერიოზულ კვალს ამჩნევს ადამიანის ფსიქიკას და არამარტო ფსიქიკას. სქესობრივი განათლების დეფიციტი ან მისი არარსებობა არის სქესობრივი დარღვევების განვითარების სერიოზული რისკფაქტორია, შეიძლება განვითარდეს სექსუალური დისფუნქცია, რაც თავისთავად, სერიოზული დარტყმაა ადამიანის ფსიქიკისთვის და არამარტო ფსიქიკისთვის - სხეულის ჯანმრთელობისთვისაც. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ადამიანს ექნება ჯეროვანი სქესობრივი განათლება", - ამბობს ზურაბ მარშანია.

სექსოლოგი საზოგადოებას და ხელისუფლებას ურჩევს ამ საკითხებს უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ. მისი აზრით, ეს სახელმწიფო მნიშვნელობის პრობლემაა. ზურაბ მარშანიას თქმით, მშობლები სექსზე საუბარს არ უნდა გაურბოდნენ და ბავშვებს სხვადასხვა დროს ასაკის შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ.

"რას უმალავენ? ყველაფერი უნდა უთხრან, ლიტერატურაც უნდა მიაწოდონ. ეს ჩემი კეთილი რჩევაა. საქართველოს კანონმდებლობით, 16 წლიდან მოზარდს უკვე ქორწინებაში შესვლა შეუძლია, თუმცა ამ ასაკის ადამიანებს სქესობრივი ცხოვრების შესახებ არ ასწავლიან", - აღნიშნავს ის.

გარდა ამისა, სექსოლოგი ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ განათლების სამინისტრო მშობლებთან მუშაობაზეც იფიქრებს, რადგან ხშირად მათ აქვთ სურვილი მიიღონ ეს ინფორმაცია და ბავშვისთვის ახსნაც გაუადვილდებათ.

სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი

ასაკზე და საჭიროებებზე მორგებული სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სკოლებში ფორმალური ან არაფორმალური სწავლება წლებია, რაც საქართველოს სახალხო დამცველის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა.

როგორც ომბუდსმენის მოადგილე, ეკა სხილაძე ტაბულასთან ამბობს, ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებში ამ საკითხის ნაკლებობა აისახება როგორც მოსახლეობის ცნობიერებაზე, ასევე არის ხელისშემშლელი ფაქტორი სერვისების სარგებლობისას. გარდა ამისა, სხილაძე აღნიშნავს, რომ რეპროდუქციული განათლების ნაკლებობით ბავშვთა ქორწინების რისკი შეიძლება გაიზარდოს, რადგან საფრთხეების გააზრება არ ხდება.

სახალხო დამცველის მოადგილის თქმით, აუცილებელია მოზარდებს ჰქონდეთ ინფორმაცია რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის კუთხით არსებულ რისკებზე, რათა მათი გადაწყვეტილებები იყოს გააზრებული და გაცნობიერებული.

"როცა სახალხო დამცველი შეისწავლიდა ქალთა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ამას განაპირობებდა, სწორედ ინფორმაციისა და შესაბამისი განათლების ნაკლებობა იყო. გარდა იმისა, რომ ამის გამო ადამიანები ვერ სარგებლობენ არსებული სერვისებით და უფლებებით, ხშირად რეაგირება არის დაგვიანებული ან გაუაზრებელი, ეს კი შემდეგ უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე და შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესაც. ხშირ შემთხვევაში, ამ საკითხის სწავლებას საზოგადოებაში არსებული წინასწარგანწყობის გამო ეწინააღმდეგებიან. თუმცა ხაზგასასმელია, რომ ეს განათლება ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ადამიანს ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია საკუთარ ჯანმრთელობასა და უფლებებზე და შეეძლოს გათვითცნობიერებული, გააზრებული გადაწყვეტილების მიღება", - ამბობს ეკა სხილაძე.

სახალხო დამცველის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმის დაძლევაში განსაკუთრებული როლი საგანმანათლებლო სივრცეს ეკუთვნის.

"ქალთა საერთაშორისო ქსელის" კოორდინატორი და სექსუალურ განათლებაზე პირველი ქართული ვებ-გვერდის თანაავტორი, სოფი ბერია ამბობს, რომ ბავშვებისთვის სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან, ასევე არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვის სწავლება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც წერის, ლაპარაკის, ანგარიშის და ა.შ.


ფოტო: www.islam21c.com
"როცა ფრაზა "სექსუალური განათლება" ესმით, რატომღაც ყველა მაშინვე "გარყვნილების" სწავლებას წარმოიდგენს. ეს ალბათ იქედან მოდის, რომ სექსზე ღიად და პოზიტიურად ლაპარაკი ჩვენს საზოგადოებაში ბევრს დღემდე უჭირს, არადა, რეალურად, ეს აუცილებელია. აუცილებელია ისიც, რომ ბავშვებს ავუხსნათ და ვასწავლოთ რა არის პირადი სივრცე, როგორაა მოწყობილი ჩვენი სხეული, როგორი ურთიერთობები არსებობს და როგორ შეგვიძლია სხვებთან ჯანსაღი კომუნიკაცია. ეს შედეგად მოგვცემს საკუთარ თავში გათვითცნობიერებულ თაობას, რომელსაც ეცოდინება როგორც საკუთარი უფლებები, ასევე არ დაარღვევს სხვისას", - ამბობს ის.

სოფი ბერია საუბრობს იმ გავრცელებულ მითზეც, რომლის მიხედვით სკოლაში ამ ტიპის განათლება ახალგაზრდების პირველ სექსუალურ გამოცდილებას დააჩქარებს. მას არგუმენტად მოჰყავს UNESCO-ს, UNICEF-ისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევები, რომლებმაც აჩვენა, რომ პირიქით - როცა ახალგაზრდები იღებენ დაუფარავ და სწორ ინფორმაციას, არჩევანს ბევრად უფრო გაცნობიერებულად აკეთებენ როდის და ვისთან ჰქონდეთ სექსი.

"არსებობს არა ერთი ქვეყნის წარმატებული მაგალითი, სადაც ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების შემოღებამ შეამცირა ინფექციების გადადების რაოდენობა, აბორტები და ნაადრევი ორსულობა არასრულწლოვნებში, ისევე როგორც სექსუალური ძალადობისა და ჰომოფობიის ფაქტები. ამის საპირისპიროდ, იმ ქვეყნებში, რომლებსაც სექსუალური თავშეკავების (აბსტინენციის) პოლიტიკა აქვთ, გაიზარდა როგორც არასრულწლოვანთა ორსულობის, ასევე სექსუალური გზით გადამდები ინფექციების გავრცელების რიცხვიც", - აღნიშნავს აქტივისტი.

სოფი ბერია პროექტ "ყველაფერი შენ შესახებ" ავტორთან, ანა სირბილაძესთან ერთად მასწავლებლებს, სტუდენტებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს სექსუალური განათლების შესახებ ტრენინგებსაც უტარებდა. ამბობს, რომ ზრდასრულებსაც კი ერიდებოდათ ადამიანის ანატომიაზე საუბარი, უჭირდათ ფრაზა "სექსუალური განათლების" წარმოთქმაც კი და განიხილავდნენ ბევრ სტერეოტიპსა თუ ცრურწმენას.

"მაგალითად, ე.წ. კალენდარულ კონტრაცეფციის მეთოდს ბევრი აპრობირებულ და სანდო საშუალებად მიიჩნევდა არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, ზოგი კი თვლიდა, რომ პირველი სექსუალური გამოცდილება აუცილებლად მტკივნეული და სისხლიანი უნდა ყოფილიყო. არანაკლები მითი აღმოვაჩინეთ მენსტრუაციასთან დაკავშირებითაც, როდესაც ითქვა, რომ სხეულიდან თვეში ერთხელ "ბინძური" სისხლი გამოიდევნება. ხშირი გაუგებრობა იყო ჩასახვის საწინააღმდეგო აბების, გადაუდებელი კონტრაცეფციის აბებისა და მედიკამენტოზური აბორტის შესახებაც. ასევე ძალიან ბევრი სამუშაოა ბაზისურ ანატომიურ ტერმინებთან დაკავშირებით. ყველაზე დიდი პრობლემა, ჩემი აზრით, არის ის, რომ საკუთარ სხეულებს არ ვიცნობთ და უფრო მეტიც, გვრცხვენია მათ შესახებ რამე ვიცოდეთ. ეს უცოდინრობა კი თავის მხრივ უამრავ მცდარ წარმოდგენასა და მოლოდინს გვიქმნის", - ამბობს სოფი ბერია.

ის აღნიშნავს, რომ ტრენინგზე დასწრების სურვილი საკმაოდ ბევრმა ადამიანმა გამოთქვა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ თემების მიმართ ინტერესი არის.

სახელმწიფოს პოზიცია

სექსუალური განათლების სკოლებში ცალკე საგნად შეტანა განათლების სამინისტროს ამ ეტაპზე შეუძლებლად მიაჩნია. უწყებაში ამბობენ, რომ საათობრივი ბადე ამის საშუალებას არ იძლევა. იმ თემებს, რასაც ამ ტიპის გაკვეთილები უნდა მოიცავდეს, სამინისტროში "რეპროდუქციულ ჯანმრთელობას" უწოდებენ და განმარტავენ, რომ ახალი სასწავლო გეგმით მეშვიდედან მე-9 კლასამდე მოსწავლეები ამ საკითხებს ბიოლოგიაში შეისწავლიან.

2018-2024 წლების ეროვნული სასწავლო გეგმა უკვე დამტკიცებულია, თუმცა ჯერ შესაბამის სახელმძღვანელოებს გრიფირების პროცედურები არ გაუვლია. განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ბიოლოგიის ექსპერტი, მანანა ვარაზაშვილი იმედოვნებს, რომ 2019 წლიდან მოსწავლეები რეპროდუქციული ჯანრთელობის შესახებ ინფორმაციას ახალი წიგნებით მიიღებენ.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში მითითებულია, რომ მე-7 კლასში მოსწავლეები შეისწავლიან გარდატეხის ასაკს და მისთვის დამახასიათებელ ანატომიურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქიკურ თავისებურებებს. რაც შეეხება მე-8 კლასს, აქ სახელმძღვანელოებში შეტანილი იქნება ინფორმაცია ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის, განაყოფიერებისა და ნაყოფის განვითარების, ასევე, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ. საუბარი იქნება ადრეულ ასაკში ქორწინებაზე, ორსულობასა და აბორტზეც. სულ ამ თემებს სავარაუდოდ, 8 საგაკვეთილო საათი დაეთმობა. გათვალისწინებულია 3 სარეზერვო საათიც. ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით, მე-9 კლასის მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას გარემოზე, ფიზიკურ აქტივობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე.


ფოტო: whyy.org
"როგორც ბიოლოგი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის მოზარდებისთვის აუცილებელი ინფორმაცია. ამიტომაც გავაძლიერეთ ეს საკითხები საბაზო საფეხურზე. მართალია, შევეცადეთ ჩვენი მენტალიტეტის გათვალისწინებას, ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთებთ და წინა სასწავლო გეგმაში მცირე დოზით შევიტანეთ, მაგრამ ახლა გავზარდეთ. იმედია, საზოგადოების ეს დამოკიდებულება თანდათან შეიცვლება, მათ შორის ამ ჩვენი ნაბიჯების შედეგადაც. თუ მასწავლებლები იქნებიან კარგად მომზადებულები, თვითონ თუ არ დაიწყებენ ამ თემაზე გაკვეთილების შეზღუდულად და უხერხულობის გრძნობით ჩატარებას, მოსწავლეებთან მიმართებაში ეს პრობლემები არ გვხვდება", - აღნიშნავს მანანა ვარაზაშვილი.

მისივე ინფორმაციით, განათლების სამინისტრო ამზადებს ელექტრონულ გზამკვლევს მასწავლებლებისთვის, სადაც რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ გაკვეთილის ჩატარებაც იქნება განხილული.

გარდა ამისა, განათლების სამინისტრომ ორგანიზაცია "თანადგომასთან" ერთად თბილისის ორ და კახეთის ერთ სკოლაში რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საპილოტე გაკვეთილები ჩაატარა. თითო კლასს სულ 12 გაკვეთილი ჩაუტარდა, რომელსაც ჯამში 90-მდე ბავშვი ესწრებოდა.

"თანადგომის" წარმომადგენელი, ხათუნა ხაჟომია ტაბულასთან ამბობს, რომ ამ გაკვეთილებმა აჩვენა არამხოლოდ რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის აუცილებლობა, არამედ ისიც, რომ გაკვეთილების ჩატარების ლექციური სტილი, სადაც მხოლოდ მასწავლებლები საუბრობენ, მოძველებულია და მოსწავლესთან ინტერაქცია უფრო კარგ შედეგს იძლევა. ხათუნა ხაჟომია აღნიშნავს, რომ ასე ბავშვები იხსნებიან და ინფორმაციასაც უკეთ იმახსოვრებენ.

რაც შეეხება კონკრეტულად რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, "თანადგომაში" ამბობენ, რომ მოსწავლეებს ეს თემები აინტერესებთ.

"არანაირი პრობლემა არ ყოფილა ბავშვების მხრიდან, რადგან ეს არის თემები, რომლებიც მათ აინტერესებთ. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა რელიგიური თვალსაზრისით ცოტა მკაცრ განცხადებებს ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს იმ გაკვეთილზევე შეიცვალა და გამოსწორდა. ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას რა არის საზიანო და რა არა, რატომ არის ნაადრევი ქორწინება ცუდი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რა ზიანს იწვევს ნაადრევი ორსულობა და ა.შ. ვსაუბრობთ აკადემიურ ენაზე და ეს არის თემები, რომლებიც ყველა ბავშვს აინტერესებს. თუ პედაგოგს აქვს შესაბამისი უნარები და ასეთები გვყავდა ჩვენ შერჩეული, პრობლემა არ შეიქმნება", - ამბობს ხათუნა ხაჟომია.

"თანადგომის" წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ აუცილებელია სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ მოსწავლემ მიიღოს ასაკისთვის შესაბამისი, სწორი და სანდო ინფორმაცია. მისი თქმით, მოზარდის ინტერესი ამ თემების მიმართ ბუნებრივია.

"პედაგოგები ჯერ კიდევ ეუბნებიან მოსწავლეებს, რომ გამრავლების შესახებ საკითხი სახლში წაიკითხონ, თვითონ არ არიან ხშირად მზად. არადა, ეს არის უმნიშვნელოვანესი თემები, რომლებიც ბავშვმა უნდა იცოდეს. მისი ფსიქიკისა და ფიზიკური განვითარებისთვის აუცილებელია სწორი ინფორმაცია ჰქონდეს. სანამ სქესობრივად აქტიური გახდება, მანამდე უნდა იცოდეს ეს. სამწუხაროდ, ხშირად ასე არ ხდება და ბავშვები გამოსავალს ნაადრევ ქორწინებაში ხედავენ, ჩვენ ამას სექსის ლეგალიზაციას ვეძახით", - აღნიშნავს ხათუნა ხაჟომია.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ მასწავლებლების დამოკიდებულებაა და აუცილებელია მათი გადამზადება.

აღსანიშნავია, რომ წელს, ახალი სასწავლო წელი სიახლით დაიწყება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის - ისინი "მე და საზოგადოებას" შეისწავლიან. მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებისთვის ეს საგანი სავალდებულო იქნება. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედით, "მე და საზოგადოების" მიზანი იქნება მოსწავლეს ჩამოუყალიბოს პასუხისმგებლობა და მზრუნველი დამოკიდებულება საკუთარი თავის, ოჯახის, თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ; ასევე:

  • დაეხმაროს საკუთარი თავის საზოგადოების წევრად აღქმაში;

  • ხელი შეუწყოს სოციალიზაციასა და თვითგამოხატვის უნარის განვითარებაში;

  • გააცნობიერებინოს, რომ თავის უშუალო გარემოზე ზრუნვით იწყება სამშობლოს სიყვარული;

  • გამოუმუშაოს გარემოში ადეკვატურად და ეთიკურად მოქმედების უნარი;

  • ასწავლოს ზრუნვა საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოების დაცვაზე;

  • განუვითაროს სხვადასხვა ტიპის კატასტროფების შემთხვევაში ადეკვატურად მოქმედების უნარი;

  • ასაკის შესაბამისად ჩამოუყალიბოს ეთიკა და ზნეობრივი ღირებულებები.

საერთაშორისო გამოცდილება

გამომდინარე იქედან, რომ "ქალთა საერთაშორისო ქსელი" სექსუალური განათლების საკითხზე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს, ორგანიზაცია კარგად იცნობს საერთაშორისო პრაქტიკასაც.

სოფი ბერია ამბობს, რომ სექსუალურ განათლებად სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა რამეს მიიჩნევენ და სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეაქვთ ეს თემა მოსწავლეებთან. აქტივისტი სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას გვაცნობს:

"ჰოლანდიაში, მაგალითად, სექსუალური განათლება ბაღიდან იწყება, სადაც ბავშვებს ურთიერთობების, საკუთარი უფლებებისა და ძალადობის სახეების შესახებ ესაუბრებიან. მსგავსი სიტუაციაა შვედეთშიც, მაშინ, როდესაც ესპანეთში კურიკულუმი გარდატეხის ასაკიდან შემოდის და ძირითადად ბიოლოგიაზეა კონცენტრირებული. სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა საჭიროება და პრიორიტეტი აქვს სექსუალური განათლების სფეროში - თუ აფრიკის ქვეყნებში ძირითადად აივ ინფექციის პრევენციაზე ამახვილებენ ყურადღებას, ევროპული სისტემა მიმდინარე სოციალურ-კულტურულ ცვლილებებს უწყობს ფეხს და უმცირესობათა ჯგუფების საჭიროებებზე ორიენტირებულ კურიკულუმს მიჰყვება. სხვა წარმატებული ქვეყნის მაგალითებად შეგვიძლია ფინეთი, შვედეთი, დანია, გერმანია, საფრანგეთი და ესტონეთი დავასახელოთ. ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ ეს კურიკულუმები დროთა განმავლობაში იხვეწება, ვითარდება და თანამედროვე საჭიროებებს ერგება.


ფოტო: www.cou4.com
თითოეული ეს ქვეყანა ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებებზე დაყრდნობით არჩევს იმ ენას, თუ როგორ აუხსნას კონკრეტული თემა, თვითონ საკითხები კი არ იცვლება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას სპეციალური მატრიცა აქვს შემუშავებული იმის შესახებ, თუ რა თემებზე და როგორ უნდა ველაპარაკოთ თითოეულ ასაკობრივ ჯგუფს. მაგალითად, 0-4 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ვესაუბროთ სხეულის ჰიგიენაზე, განსხვავებებზე საკუთარ და სხვის სხეულებს შორის, ადამიანის რეპროდუქციის ზოგად საკითხებზე, სიყვარულის სხვადასხვა სახეებზე, ხოლო 4-6 წლის ასაკში ამ ინფორმაციას "ზემოდან დავაშენებთ" სხეულის ნაწილების სწორ სახელებს, ვესაუბრებით რეპროდუქციულ მითებზე, მაგალითად ავუხსნით, რომ ბავშვები წეროებს კი არ მოჰყავთ, არამედ დედის სხეულიდან იბადებიან, ვესაუბრებით სიყვარულისა და სექსუალური გრძნობების გამოხატვაზე, მაგალითად როგორ გამოიხატება სიამოვნება და სიახლოვე, ხოლო ამის საპირისპიროდ ავუხსნით აგრესიის გამომხატველ ქცევებს. ეს ყველაფერი სწორი კომუნიკაციის უნარ-ჩვევებია, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გამოადგება მთელი ცხოვრების განმავლობაში, ამიტომ სასურველია, რომ ამ პროცესში მშობლებიც აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას".

სექსუალურ განათლებაზე პირველი ქართული ვებ-გვერდი, "ყველაფერი შენ შესახებ", შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები