თამბაქო

შემოსავლების სამსახურმა მაღაზიებს თამბაქო დახლებიდან შეცდომით ააღებინა

AP

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ასობით სავაჭრო ობიექტმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან მიიღო განმარტება კანონში შესული ცვლილებების შესახებ. შემოსავლების სამსახურის წერილში ეწერა, რომ მეწარმე სუბიექტებს ეკრძალებოდათ თამბაქოს ნაწარმის განთავსება ისე, რომ ის ობიექტის შიგნიდან და გარედან ყოფილიყო ხილული.

წერილში ეწერა:

"იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის, ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია ისე, რომ იგი ხილვადი იყოს. აღნიშნული დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით."

შემოსავლების სამსახურის ამ განცხადების შემდეგ, დაჯარიმების შიშით მაღაზიებმა თამბაქოს ნაწარმი დახლებიდან აიღეს და ის მომხმარებლისთვის ფარულ ადგილზე გადაიტანეს. 

თუმცა, ეს წერილი უზუსტობას შეიცავდა, რადგანაც 2018 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა თამბაქოს კონტროლის კანონის მხოლოდ ის მუხლი, რომელიც თამბაქოს ნაწარმის გარე ხილვადობას, ანუ ობიექტის ვიტრინებში თამბაქოს გამოფენას კრძალავს.  ობიექტის შიგნით თამბაქოს ხილულად განთავსება კვლავ დასაშვებია. 

შემოსავლების სამსახური უზუსტობას აღიარებს, რის გამოც სამსახურის ვებგვერდზე ამ წერილების გაგზავნის შემდგომ გაფრთხილება შეცვლილი ტექსტით გამოქვეყნდა.

"იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან. აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით." 

2021 წლის 1 იანვრიდან მაღაზიებს თამბაქოს ნაწარმის დახლებიდან აღებაც მოუწევთ. ამ დროს ძალაში შევა თამბაქოს კონტროლის კანონის ის მუხლი, რომელიც თამბაქოს რეალიზაციის პუნქტებში მის ხილვადობას სრულად აკრძალავს. 

კომენტარები