იბერია

ჩხეიძე: მინისტრო, ქრთამის მოთხოვნა არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ დანაშაულიცაა

ნატო ჩხეიძე
საქართველოს პარლამენტი

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის და "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მეუღლის ნატო ჩხეიძის თქმით, სახელმწიფო მათგან ქრთამს და ტელეკომპანია იბერიას დათმობას ითხოვდა. 

"სამარცხვინო ის არის, ბატონო ფინანსთა მინისტრო, რომ "ომეგა ჯგუფის" მიერ წარმოდგენილ გრაფიკებს დასტურს არ აძლევს ხელისუფლება და ამ დასტურისთვის ითხოვს ტელევიზიას და ქრთამს. თქვენი დღევანდელი ტერმინოლოგიით, რომ ვთქვა კონტრიბუციას და ეს ბატონო ფინანსთა მინისტრო, არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ დანაშაული და კრიმინალია,"- ამბობს ჩხეიძე.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი კი ტელეკომპანია იბერიას მიერ სახელმწიფო ზეწოლაზე გავრცელებულ განცხადებებს სახელმწიფოს დაშანტაჟების მცდელობას უწოდებს. მისი თქმით, სინამდვილეში ეს განცხადებები "ომეგა ჯგუფის"  მიერ გადასახადებისთვის თავის არიდების მცდელობას ემსახურება. 

7 სექტემბერს იბერიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიას დაფინანსების მთავარი წყარო გადაუკეტეს. საუბარია კომპანია "ომეგა ჯგუფზე", რომლის შემადგენლობაშიც "იბერია" შედის. ამასთანავე, ტელეკომპანიამ გაავრცელა ფარული ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრმა ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანიის დათმობის შემთხვევაში, ფინანსური პრობლემების მოგვარება შესთავაზა.

"სრული პასუხიმგებლობით მინდა გითხრათ, მიუღებელია და სამარცხვინოა მედიას ამოფარებული ზოგიერთ ბიზნესი, როდესაც მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს, რომ გადასახადიდან თავი აირიდოს. სახელმწიფოს ვერავინ დაელაპარაკება შანტაჟის ენით, ეს არის ხალხის ფული, კეთილი ინებონ და გადაიხადონ ბიუჯეტში. ყველანაირი შეთავაზება იყო მათ მიმართ, რამდენჯერმე შევთავაზეთ თან ისეთი გრაფიკი, რაც მათ მოითხოვეს, არცერთხელ არ შეასრულეს,"- ამბობს ფინანსთა მინისტრი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ერთადერთი კომპანია, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე 50 მილიონ ლარზე დიდი საგადასახადო დავალიანება აქვს დაგროვილი არის "ომეგა ჯგუფის" შემადგენელი თამბაქოს კომპანია "ოჯთ". მას ბიუჯეტისადმი 51 მილიონ ლარზე მეტი მართებს. 

ტელეკომპანია "იბერიამ" მთავრობა მათ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში რამდენიმე თვის წინაც დაადანაშაულა. 

2018 წლის 20 თებერვალს ტელეკომპანია იბერიამ გაავრცელა განცხადება, რომ მის სარედაქციო დამოუკიდებლობას მთავრობა საფრთხეს უქმნიდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მთავრობა "ომეგა ჯგუფს" ფინანსურ პრობლემებს სწორედ იმიტომ უქმნიდა, რომ "იბერიას" სარედაქციო პოლიტიკაზე მოეხდინათ გავლენა. 

2018 წლის 21 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე მაშინდელმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ მედიის მიერ გავრცელებული განცხადება ცალსახად სახელმწიფოს შანტაჟის მცდელობას წარმოადგენდა. 

“საკუთარი ბიზნესი გამოიყენო ხელისუფლების შანტაჟის იარაღად - ჩვენ დავრწმუნდით, რომ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე”, - თქვა კვირიკაშვილმა.

ვინ არის ზაზა ოქუაშვილი:

ზაზა ოქუაშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქეა, მან 1991 წელს დააფუძნა “ომეგა ჯგუფი”, რომელშიც შედის: “ომეგა მოტორსი”. "ომეგა მოტორსი" დღეს საქართველოში BMW, Bentley, Opel, Chevrolet, Maserati, Iveco და Mini-ს ოფიციალური დილერია. “ომეგას" შემადგენლობაში შედის სიგარეტის საწარმო “ოჯთ”. ტელეკომპანია იბერია ზაზა ოქუაშვილმა 2000 წელს დააფუძნა. 

ზაზა ოქუაშვილი, ისევე როგორც მისი მეუღლე ნატო ჩხეიძე პატრიოტთა ალიანსის წევრია. ნატო ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წევრია, ოქუაშვილი კი აჭარის უმაღლეს საბჭოში პატრიოტთა ალიანსის ერთადერთი დეპუტატია. 

ზაზა ოქუაშვილი 1999-2003 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრიც იყო, მაშინ მილიონერი დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში აღორძინების სიით შევიდა.

კომენტარები