საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ უკრაინასთან თანამშრომლობა გაღრმავდება

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გიორგი გახარია უკრაინის შს მინისტრს, არსენ ავაკოვს შეხვდა. უწყებაში ამბობენ, რომ შეხვედრაზე ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შსს-ს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ ორი ქვეყნის სამართალდამცველებს შორის ოპერატიული თანამშრომლობის გაღრმავებასა და დანაშაულის გამოძიების მიზნით ინფორმაციის ინტენსიურად გაცვლაზე.

გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ მოხდა სახელმწიფოთაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიცირებაც, რომლის წევრები ორგანიზებულ დანაშაულთან და ე.წ. კანონიერ ქურდებთან ბრძოლას გაუწევენ კოორდინაციას.

შსს-ს ინფორმაციითვე, გიორგი გახარიამ და არსენ ავაკოვმა შეხვედრაზე საერთაშორისო ნარკოდანაშაულის წინაააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზეც ისაუბრეს.

"საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უკრაინელ კოლეგას საქართველოს ევროპოლთან გამფორმებული ხელშეკრულებაზეც ესაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა, როგორც ოპერატიული, ასევე, არაოპერატიული მიმართულებით, ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას იძლევა", - აღნიშნავს შსს.

უწყებაში ასევე ამბობენ, რომ მინისტრებმა დეტალურად განიხილეს ქვეყნებში სანაპირო დაცვის მნიშვნელობა, საზღვრის დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და უწყებათშორისი თანამშრომლობა.

მათივე ინფორმაციით, გიორგი გახარიამ უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და უკრაინის პოლიციის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის მუშაობა დადებითად შეაფასა.

"თქვენი კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტი ევროპაში საუკეთესოა. ჩვენ გვინდა, თქვენი ოფიცერი გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში მოვიწვიოთ", - თქვა გიორგი გახარიამ.

კომენტარები