Meliora 2018

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი განაცხადების მიღებას იწყებს

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით წელს პირველად ჩატარდება "საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018", რომელიც კომპანიებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით საუკეთესო პროექტებისა თუ ინიციატივებისათვის დააჯილდოებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოში რეგისტრირებულ, როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს შეუძლიათ, რომლებმაც 5 ოქტომბრამდე, ვებგვერდ www.meliora.ge 2017-2018 წლებში ჩატარებული CSR პროგრამები, პროექტები თუ ინიციატივები უნდა წარადგინონ.

კომპანიებს კონკურსში განაცხადების წარდგენა 6 ძირითად და 3 სპეციალურ კატეგორიაში შეუძლიათ, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ყველა სფეროს მოიცავს. უმაღლესი ჯილდო (გრანპრი) - წლის პასუხისმგებელი ბიზნესის წოდება მიენიჭება ცალკე მსხვილ და ცალკე მცირე/საშუალო ზომის კომპანიას, რომლებიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთგულებას მთლიანი კომპანიის მასშტაბით საუკეთესოდ წარმოაჩენენ.

გამარჯვებულები დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან, რომელიც 13 დეკემბერს გაიმართება და დაესწრებიან როგორც საქართველოს წამყვანი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ჟიური, საქართველოს მთავრობა და სხვა სტუმრები.

კონკურსის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ნომინანტებს წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს და საუკეთესო CSR-ინიციატივებს გამოავლენს. მათივე ინფორმაციით, ჟიურიში შედის ცხრა საერთაშორისო ექსპერტი (დიდი ბრიტანეთიდან, სლოვაკეთიდან, დანიიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, აშშ-დან და ბელგიიდან) და ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.

"მინდა წავახალისო კომპანიები მონაწილეობა მიიღონ CSR კონკურსში, რადგან ის კომპანიები, რომლებიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებენ, უნდა გახდნენ მისაბაძი მაგალითი სხვებისათვის. საუბარი იმაზე, თუ რას აკეთებს შენი კომპანია საზოგადოების საკთილდღეოდ და ამისათვის დაფასება და აღიარება არის ნაწილი შენი კომპანიის ზრდისა", - ამბობს ჟიურის წევრი ელენ კოენი, რომელიც შესულია მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მდგრადი განვითარების ლიდერთა ათეულში.

კონკურსი Meliora 2018 ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციებთან, ბიზნეს პლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ტარდება. საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი ყოველწლიურად გაიმართება და საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს დააჯილდოებს, რომელთაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში საუკეთესო პროექტები ექნებათ.

Meliora 2018 პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში იმართება, რომელსაც ოთხი ქართული ორგანიზაციის კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით ახორციელებს. კონსორციუმში ასევე შედის: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

კომენტარები