აშშ

აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციებით ემუქრება

ჯონ ბოლტონი
NYtimes

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არალეგიტიმური უწოდა და თქვა, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. მან სასამართლოს ამერიკის სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველი უწოდა.

ბოლტონის თქმით სასამართლოს შემაკავებელი და გამაწონასწორებელი ძალები აკლია და სადავო და საეჭვო დანაშაულებზე იურისდიქციას მოითხოვს, ხოლო აშშ საკუთარ კონსტიტუციაზე უფრო მაღალ ავტორიტეტს არ აღიარებს.

"ჩვენ არ ვითანამშრომლებთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. ჩვენ არ დავეხმარებით მათ. ჩვენ არ გავხდებით მისი წევრი. ჩვენ მივცემთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საკუთარი სიკვდილით აღსრულების საშუალებას. საბოლოო ჯამში ხომ, მთელი მისი განზრახვებისა და მიზნების გათვალისწინებით, ის ჩვენთვის უკვე მკვდარია.

"ჩვენ მათ აშშ-ში გავასამართლებთ. იგივეს ვიზამთ ყველა კომპანიისა და სახელმწიფოსათვის, ვინც მათ ამერიკელების წინააღმდეგ გამოძიებაში დაეხმარებათ." თქვა ბოლტონმა.

სანქციები სასამართლოს ბრალმდებლებს აშშ-ში შესვლას აუკრძალავს და მათ ფინანსურ წყაროებს ამოიღებს მიზანში. მათი დაწესების მუქარა სასამართლოს მხრიდან ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობის თაობაზე გამოძიების დაწყების განხილვას მოჰყვა.

ბოლტონის თქმით არც ავღანეთს და არც სასამართლოს სტატუტის ხელმომწერ რომელიმე ქვეყანას მსგავსი გამოძიების ჩატარება არ მოუთხოვია.

2016 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ შესაძლოა ავღანეთში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ საიდუმლო დაკავების ცენტრებში პატიმრებს აწამებდნენ. სასამართლოს წევრი ქვეყნის მოთხოვნის გარეშე, დამოუკიდებლად მოქმედების უფლება აქვს, თუმცა ის მოსამართლეთა პანელმა უნდა დაამტკიცოს.

ბოლტონი ასევე შეეხო პალესტინის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ისრაელის მიმართ ღაზას სექტორში ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნას. ბოლტონის თქმით სწორედ ასეთი საქციელის გამო გადაწყვიტა აშშ-მა ვაშინტონში პალესტინის დიპლომატიური მისიის დახურვა.

თეთრის სახლის სპიკერის, სარა სანდერსის თქმით პრეზიდენტი ტრამპი მზად არის გამოიყენოს ყველა მეთოდი საკუთარი მოქალაქეებისა და მოკავშირეები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ უსამართლო ბრალდებებისაგან დასაცავად.

აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს ხელი 2000 წელს, ბილ კლინტონის ადმინისტრაციის დროს მოაწერა, თუმცა მიაჩნდათ, რომ ხელშეკრულებას ხარვეზები ჰქონდა, რის გამოც მისი რატიფიკაცია არ მომხდარა. 2002 წელს, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს აშშ-მა გაეროში განაცხადა, რომ სასამართლოს არ შეუერთდებოდა. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს აშშ-მა სასამართლოში დამკვირვებლები გაგზავნა, თუმცა რომის სტატუტის რატიფიკაცია ამ დრომდე არ მომხდარა.

კომენტარები