მარიხუანა

საქართველოს მთავრობა მარიხუანას საექსპორტო პოტენციალს განიხილავს

მარიხუანა
www.npr.org

საქართველოს მთავრობა მარიხუანას საექსპორტო პოტენციალს სწავლობს. განიხილება მოდელი, რომელშიც საქართველოში მოიყვანენ და გადაამუშავებენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე გავა. 

ტაბულას ამ ინიციატივის არსებობის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, ქართული ოცნების უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე ერთერთი საკითხი, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა სწორედ ეს იყო. 

ამ დროისთვის კანონპროექტი საჯარო არაა. უცნობია როდის მოხდება პარლამენტში ამ ცვლილებების ინიცირება. 

რა მედიკამენტები მზადდება მარიხუანას გადამუშავებით მიღებული პროდუქტისგან?

ამ დროისთვის ჯანდაცვის სექტორის ყველაზე ავტორიტეტულ მარეგულირებელ ორგანოს, აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) სულ სამი მედიკამენტი აქვს რეგისტრირებული, რომლის ძირითადი აქტიური ნივთიერებაც მარიხუანას გადამუშავებით მიიღება. 

დრონაბილონი (სავაჭრო სახელწოდება მარინოლი) - არის ტეტრაჰიდროკანაბინოლის (THC) სინთეზირებული ფორმა და გამოიყენება შიდსით დაავადებულ პაციენტებში ანორექსიის სამკურნალოდ და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებად პაციენტებში, რომლებიც ქიმიოთერაპიას გადიან.

ნაბილონი, ასევე სინთეზირებული ტეტრაჰიდროკანაბინოლის (THC) ფორმაა, რომელსაც იყენებენ გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებად, ქრონიკული ტკივილის მართვისთვის ფიბრომიალგიის და გაფანტული სკლეროზის დროს.

ეპიდიოლექსი, რომელიც არის მარიხუანისგან პირდაპირ მიღებული კანაბიდიოლი (CBD) გამოიყენება ეპილეფსიის ორი მძიმე ფორმის სამკურნალოდ (ლენოქსის სინდრომი და დრავეს სინდრომი).

კომენტარები