ასტრონომია

ბნელი ენერგია შესაძლოა არ არსებობდეს

1990-იან წლებში შორეულ ზეახალ ვარსკვლავებზე დაკვირვებამ ასტრონომები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ სამყარო აჩქარებით ფართოვდება. 1998 წელს ეს ჰაბლის ტელესკოპმაც დაადასტურა: იმის ნაცვლად, რომ სამყარომ გრავიტაციის გავლენით გაფართოება შეანელოს, ის ადრინდელ სამყაროზე გაცილებით უფრო სწრაფად ფართოვდება. ასტრონომებმა ეს უცნაურობა ამოუცნობი ბნელი ენერგიის არსებობით ახსნეს. კვლევის ავტორებს 2011 წელს ფიზიკის დარგში ნობელის პრემია გადაეცათ. დღეს კოსმოლოგების უმეტესობა მიიჩნევს, რომ დაკვირვებადი სამყაროს 68.3 % ბნელი ენერგიისგან შედგება.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ნაწილაკების თეორიის ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი სუბირ სარკარი თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ დასკვნის მიმართ, მისი გუნდის მიერ ახლახან ჩატარებული კვლევის თანახმად კი ბნელი ენერგია შესაძლოა საერთოდ არ არსებობდეს.

ზეახალ ვარსკვლავს ასტრონომები მზეზე რამდენიმეჯერ დიდი ვარსკვლავის განვითარების ბოლო სტადიას, მის აფეთქებას უწოდებენ. ახლოს მყოფი ზეახალი ვარსკვლავები დედამიწიდან უფრო კაშკაშად მოჩანს, შორს მყოფები კი უფრო მკრთალად. თუმცა, ვარსკვლავის სიკაშკაშე მხოლოდ მანძილის დასადგენად არ გამოიყენება. შორს მყოფი ზეახალი ვარსკვლავიდან წამოსული სინათლე დედამიწამდე უფრო გვიან აღწევს, რაც ნიშნავს, რომ შორს მყოფი ვარსკვლავები წარმოადგენს იმის „ჩანაწერს“, თუ როგორი იყო სამყარო დიდი ხნის წინ. თუ ზეახალი ვარსკვლავის სინათლის სპექტრის წითელ წანაცვლებასაც გავზომავთ, იმის დადგენასაც შევძლებთ, თუ რა სიჩქარით გვშორდება ზეახალი ვარსკვლავი, ანუ, რამდენად სწრაფად ფართოვდებოდა სამყარო. სამყაროს გაფართოება სამყაროში ახალი სივრცის წარმოქმნაა. მაგალითად, თუ ორი გალაქტიკა ერთმანეთს შორდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ შორის არსებული სივრცე-დრო ფართოვდება.

2015 წელს საკარის გუნდმა გამოიკვლია ზეახალი ვარსკვლავების შესახებ არსებული მონაცემები, რომელიც პირველად 2011 წელს გასაჯაროვდა. მან აღმოაჩინა, რომ კოსმოსური აჩქარების სტატისტიკური მნიშვნელობა სამ სტანდარტულ გადახრას, სიგმას უტოლდება.

„სამი სტანდარტული გადახრა შესაძლოა საინტერესო იყოს ასტრონომისთვის, მაგრამ ნაწილაკების ფიზიკისთვის ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, როდესაც საქმე ფუნდამენტურ ფიზიკას ეხება ხუთ სიგმაზე ნაკლები შედეგით აღფრთოვანება ნაადრევია. “- ამბობს საკარი.

ახალი კვლევა, რომელიც საკარის გუნდმა აგვისტოში გამოაქვეყნა სამყაროს არაერთგვაროვნებას შეეხება. მატერიის არათანაბარი გადანაწილების გამო სამყარო სხვადასხვა მიმართულებით განსხვავებული სიჩქარით ფართოვდება. ჩვენი გალაქტიკა, ირმის ნახტომი ერთი კონკრეტული მიმართულებით 600 კილომეტრი წამში სიჩქარით მოძრაობს, ეს უჩვეულო სიჩქარე ახასიათებს კოსმოსის ადგილობრივ რეგიონს, რომელშიც მდებარეობს თითქმის ყველა ზეახალი ვარსკვლავი, რომელიც აქამდე შეგვისწავლია. თუ აქამდე ბნელი ენერგიის მტკიცებულება სამი სიგმა იყო, ამ აღმოჩენის შემდეგ ის ორ სიგმამდე დაეცა. 

„ეს ცოტათი ჰგავს მოძრავი მანქანიდან სხვა მანქანების მოძრაობაზე დაკვირვებას. შესაძლოა სხვა მანქანა კი არ აჩქარდა, არამედ შენ შენელდი. ჩვენ არ ვართ იდეალური დამკვირვებლები, ჩვენ ვმოძრაობთ სამყაროს სხვა ობიექტებთან შეფარდებით, რაც ჩვენს გაზომვებს მიკერძოებულს ხდის.“ - განაცხადა საკარიმ ჟურნალ Horizon-თან ინტერვიუში.  

კომენტარები