ბიძინა ივანიშვილი

"დემოკრატიას დავაწიოთ ეკონომიკა" - ივანიშვილის ნარატივი ბახტაძის სიტყვებში

ტაბულა

საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, საქართველოში დემოკრატიამ ისეთ გარღვევას მიაღწია, რომ დემოკრატიის განვითარების ნაცვლად, მისი ერთ ადგილზე შენარჩუნება და მისთვის ეკონომიკის "დაწევაა" აუცილებელი. დღეს თბილისში გამართულ გლობალურ ფორუმზე ქვეყნის პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ არსებითად იგივე გაიმეორა.

ბიძინა ივანიშვილმა დემოკრატიასა და ეკონომიკას შორის "კონტრასტზე" პირველად 2018 წლის 11 მაისს ქართული ოცნების ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა. სწორედ ამ დღეს დაასახელა ივანიშვილმა საქართველოს მთავარ გამოწვევად დემოკრატიას და ეკონომიკას შორის "დისჰარმონია":

"დღევანდელ საქართველოში პოლიტიკურ პრობლემებს მნიშვნელოვანწილად ქმნის ის, რომ ერთის მხრივ გვაქვს თითქმის ევროპული ხარისხის დემოკრატია, რასაც მეორეს მხრივ ბევრად ჩამორჩება ეკონომიკური განვითარების დონე. დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის ასეთი დისპროპორცია იმდენად უნიკალური მოვლენაა, რომ ძნელად თუ მოიძებნება რომელიმე სხვა ქვეყანა, სადაც ანალოგიური მდგომარეობაა. ტრადიციულ დემოკრატიებში ეკონომიკა და თავისუფლებები, როგორც წესი, ერთმანეთს ზრდიდნენ და ავსებდნენ.

ამ დისჰარმონიის აღმოფხვრა თანამედროვე საქართველოს უმთავრესი გამოწვევაა და ამ გზაზე, როგორ რთულ ამოცანადაც არ უნდა ჩანდეს ეს, ჩვენ არჩევანი დემოკრატიის სასარგებლოდ გავაკეთეთ და გადაჭრით ვთქვით, რომ ეკონომიკა უნდა დავაწიოთ დემოკრატიას და არა პირიქით,"- ბიძინა ივანიშვილი.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილი ქართული ოცნების "გაფორმებული თავმჯდომარე" გახდა, ამ საკითხის შესახებ კიდევ ერთხელ, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა.

"უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატიის მაღალი ხარისხი და მას დავაწიოთ ეკონომიკა. მხოლოდ ეს მოგვიტანს მშვიდობას და კეთილდღეობას,"- ბიძინა ივანიშვილი. 

დღეს ივანიშვილის ეს მოსაზრება შესამჩნევი იყო მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლაში:

"დემოკრატიის მშენებლობის გზაზე უდიდესი მიღწევები გვაქვს, გვჭირდება უზარმაზარი მიღწევები ეკონომიკის მხრივ,"- თქვა ბახტაძემ.

საინტერესოა, რომ კითხვა რომელზე პასუხის გაცემის დროსაც ბახტაძემ დემოკრატიისა და ეკონომიკის ჭიდილზე ისაუბრა სწორედ ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკურ გავლენებს უკავშირდებოდა. 

Financial Time-ის ანალიტიკოსმა ედუარდ ლუსმა მამუკა ბახტაძეს ჰკითხა თუ ვის წინაშე იყო ის ანგარიშვალდებული - მოსახლეობის თუ ბიძინა ივანიშვილის წინაშე. რაზეც ბახტაძემ უპასუხა, რომ ის "ქართული ოცნების ამომრჩევლისა და მოსახლეობის წინაშეა ანგარიშვალდებული."

კომენტარები