იბერია

უჩა მამაცაშვილი: მივმართავ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება ფარულ ჩანაწერზე

ipn.ge

ტელეკომპანია "იბერიასთან" დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე, სადაც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს კომპანიის ფინანსური პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ უჩა მამაცაშვილისთვის სავარაუდოდ ქრთამის მიცემას სთავაზობს. დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა უჩა მამაცაშვილმა. განცხადებაში ნათქვამია რომ მამაცაშვილი არ გამორიცხავს, რომ ლევან ყიფიანი მისი სახელის გამოყენებით დიდძალი თანხის დაუფლებას ცდილობდა.

"ლეგენდები ჩემი, ე.წ. განსაკუთრებული გავლენების შესახებ არ ახალია და მას პერიოდულად თხზავენ ადამიანები ,რომელთაც ამ ლეგენდით უკანონო სარგებლის მიღება სურთ.

გამონაკლისი, არც "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ, ამ ბოლო დროს, მიმდინარე აჟიოტაჟია. ჩემთვის უცნობია, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელების მხრიდან გამიზნულ პროვოკაციასთან, ყოფილი მაღალჩინოსნის არაჯანსაღ ინტერესებთან თუ სიყალბესთან. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ვიღაც აშკარად ცდილობდა ჩემი სახელის საეჭვო და უკანონო გარიგებებში გამოყენებას და ამკამპანიას აშკარად პოლიტიკური ელფერი აქვს.

შესაბამისად, მივმართავ საქართველოს პროკურატურას, რათა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და ამომწურავი პასუხი გასცეს საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებს,"- ამბობს მამაცაშვილი.

გუშინ მათთვის ქრთამის შეთავაზების შესახებ ისაუბრა ზაზა ოქუაშვილის მეუღლემ, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ. 

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი კი ტელეკომპანია იბერიას მიერ სახელმწიფო ზეწოლაზე გავრცელებულ განცხადებებს შანტაჟის მცდელობას უწოდებს. მისი თქმით, სინამდვილეში ეს განცხადებები "ომეგა ჯგუფის"  მიერ გადასახადებისთვის თავის არიდების მცდელობას ემსახურება. 

7 სექტემბერს იბერიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიას დაფინანსების მთავარი წყარო გადაუკეტეს. საუბარია კომპანია "ომეგა ჯგუფზე", რომლის შემადგენლობაშიც "იბერია" შედის. ამასთანავე, ტელეკომპანიამ გაავრცელა ფარული ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრმა ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანიის დათმობის შემთხვევაში, ფინანსური პრობლემების მოგვარება შესთავაზა.

"სამარცხვინოა მედიას ამოფარებული ზოგიერთ ბიზნესი, როდესაც მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს, რომ გადასახადიდან თავი აირიდოს. სახელმწიფოს ვერავინ დაელაპარაკება შანტაჟის ენით, ეს არის ხალხის ფული, კეთილი ინებონ და გადაიხადონ ბიუჯეტში,"- ამბობს ფინანსთა მინისტრი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ერთადერთი კომპანია, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე 50 მილიონ ლარზე დიდი საგადასახადო დავალიანება აქვს დაგროვილი არის "ომეგა ჯგუფის" შემადგენელი თამბაქოს კომპანია "ოჯთ". მას ბიუჯეტისადმი 51 მილიონ ლარზე მეტი მართებს. 

ტელეკომპანია "იბერიამ" მთავრობა მათ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში რამდენიმე თვის წინაც დაადანაშაულა. 

2018 წლის 20 თებერვალს ტელეკომპანია იბერიამ გაავრცელა განცხადება, რომ მის სარედაქციო დამოუკიდებლობას მთავრობა საფრთხეს უქმნიდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მთავრობა "ომეგა ჯგუფს" ფინანსურ პრობლემებს სწორედ იმიტომ უქმნიდა, რომ "იბერიას" სარედაქციო პოლიტიკაზე მოეხდინათ გავლენა. 

2018 წლის 21 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე მაშინდელმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ მედიის მიერ გავრცელებული განცხადება ცალსახად სახელმწიფოს შანტაჟის მცდელობას წარმოადგენდა. 

ზაზა ოქუაშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქეა, მან 1991 წელს დააფუძნა “ომეგა ჯგუფი”, რომელშიც შედის: “ომეგა მოტორსი”. "ომეგა მოტორსი" დღეს საქართველოში BMW, Bentley, Opel, Chevrolet, Maserati, Iveco და Mini-ს ოფიციალური დილერია. “ომეგას" შემადგენლობაში შედის სიგარეტის საწარმო “ოჯთ”. ტელეკომპანია იბერია ზაზა ოქუაშვილმა 2000 წელს დააფუძნა. 

ზაზა ოქუაშვილი, ისევე როგორც მისი მეუღლე ნატო ჩხეიძე პატრიოტთა ალიანსის წევრია. ნატო ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წევრია, ოქუაშვილი კი აჭარის უმაღლეს საბჭოში პატრიოტთა ალიანსის ერთადერთი დეპუტატია. 

კომენტარები