არჩევნები 2018

ვაშაძე: ზურაბიშვილს არ ესმის, რომ ბრალს წინა ხელისუფლებას კი არა, საქართველოს სდებს

გრიგოლ ვაშაძე

ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს უნდა ესმოდეს, რომ როცა 2008 წლის ომის დაწყებაში სააკაშვილს ადანაშაულებს, ამით ბრალს საქართველოს სდებს. 

ზურაბიშვილმა გუშინ თქვა, რომ 2008 წელს "საქართველომ თავისი მოსახლეობა დაბომბა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ აქვს". 

„ადამიანი, რომელიც დიპლომატობას იბრალებს და სახელმწიფო სამსახურის გამოცდილებას, იმდენი მაინც უნდა ესმოდეს, რომ ბრალდებას ხელისუფლებას კი არ უყენებს, ბრალდებას უყენებს საქართველოს. იმ პირობებში, როცა საქართველოს ჰააგაში და  სტრასბურგში საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ორი საქმე აქვს შეტანილი. ყველაზე დიდი პრობლემა ამ ხალხის, რომელიც თავის თავს ხან "ქართულ ოცნებას" ეძახის, ხან ხელისუფლებას, ხან კონსტრუქციულ პოლიტიკურ ძალას, ამათი პრობლემა არის ის, რომ ამ ხალხს საქართველოს სახელმწიფოსი არ სჯერათ. ამათ მართლა ჰგონიათ, რომ თუ სირაქლემასავით ერთ პოზას მიიღებ და თავს ქვიშაში ჩაყოფენ, ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც 2008 წლის ომის დაწყებაში ზურაბიშვილმა საქართველო დაადანაშაულა. 

სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატია, თუმცა, მას მხარს მმართველი გუნდი უჭერს. 

კომენტარები